მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ინვესტიციების ჩამოტანაზე პრეტენზია არ მაქვს. მთავარია, მეტად არ დაააზიანონ ქვეყანა" - ნიკა ალავიძე

მინისტრები

ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ მრჩეველთა საბჭოს წევრ, ბიზნესმენ ნიკოლოზ ალავიძეს არ აქვს მოლოდინი, რომ შექმნილ სიტუაციაში „ქართული ოცნების“ მთავრობის ეკონომიკური გუნდი დასავლური ინვესტიციების მოზიდვას შეძლებს.

საქმე ის არის, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ეროვნული ბანკის მენეჯმენტთან ერთად, ლონდონში, EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრებში მონაწილეობდა, სადაც ასევე, საქართველოს საინვესტიციო ფორუმი გაიმართა. ღონისძიება საქართველოს საელჩოს ინიციატივით გაიმართა. ფორუმში მონაწილეობდა 180-ზე მეტი წარმომადგენელი სხვადასხვა საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფიდან. მათ შორის იყვნენ საქართველოს უმსხვილესი კომპანიების პირველი პირები.

„რამე [ინვესტიციის] ჩამოტანაზე პრეტენზია არ მაქვს. მთავარია, მეტად არ დააზიანონ ქვეყანა. იმედია, კარგი ამინდი დახვდათ ლონდონში და ძლიერ წვიმაში არ მოჰყვნენ“ - თქვა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ნიკოლოზ ალავიძემ და „ოცნების“ მთავრობას ურჩია, საქმის კეთება ლონდონის საფონდო ბირჟაზე უკვე დალისტულ ქართულ კომპანიებს აცადონ.

"საქართველოს ბანკის ჯგუფი“, "თიბისი ბანკის ჯგუფი“, "საქართველოს კაპიტალი“ - აცადონ იმ ხალხს, ვინც თავისი საქმე იცის და იმედია, ახალს არაფერს გააფუჭებენ“, - დასძინა მან.

ნიკოლოზ ალავიძემ „წერტილთან“ ინტერვიუში რამდენჯერმე გაუსვა ხაზი, რომ გზავნილები, რომელთაც მთავრობა ინვესტორების მოსაზიდად იყენებს, დაძველებულია და თან, როცა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და საერთაშორისო პარტნიორებს კითხვები აქვთ საგარეო კურსის შეცვლასთან დაკავშირებით, მსგავსი გზავნილებით და სხვადასხვა რეიტინგში მაღალი პოზიციით თავის მოწონება არ მუშაობს.

„ოდესღაც ვიკვეხნიდით, რომ გვქონდა გამჭვირვალე საგადასახადო სისტემა, მხოლოდ ხუთი გადასახადი, ბიზნესის კეთების სიმარტივით ვიყავი პირველ ადგილზე და ა.შ. ეს რეიტინგები, რა თქმა უნდა, იძლეოდა იმის საშუალებას, რომ პოტენციურ ინვესტორებთან დაგეწყო საუბარი და მახსოვს, ინვესტორებს როცა ვხვდებოდით, ხუმრობით ვეუბნებოდი - საქართველოში შეგიძლიათ, გადასახადებს გაექცეთ და აი, სიკვდილისგან გაქცევაზე კიდევ ჩვენი მეცნიერები მუშაობენ-მეთქი... მაგრამ [გადაწყვეტილების მისაღებად] საკმარისი, რა თქმა უნდა, არ არის მსგავსი გზავნილები და თან დღეს, ძალიან მოძველებულია“, - განაცხადა ნიკოლოზ ალავიძემ.

ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ დღეს საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობა შემცირებულია და არა მხოლოდ იმიტომ, რომ „რაღაცები ძალიან გავაფუჭეთ“ . „ბოლო 5 წელია არაფერი აღარ გავაკეთეთ... ამ დროს კი, ჩვენმა სამეზობლომ - ახლომ თუ შორეულმა რაღაც გამოიგონა“, - დასძინა ნიკა ალავიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები