თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყანაში გლობალური კაპიტალის მოსაზიდად და საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად ახალი ეკონომიკური ინიციატივები წარადგინა. რეფორმების პაკეტი ექსპორტიორი მწარმოებლებისთვის გადასახადების შემცირებას, სტამბოლის ფინანსურ ცენტრში მოქმედი ინსტიტუტებისთვის შეღავათების დაწესებას და უცხოური შემოსავლების დაბეგვრის წესების გადახედვას გულისხმობს.
ქვეყნის ლიდერის განცხადებით, თურქეთი რეგიონში სტაბილურობის გარანტიას წარმოადგენს, რაც მას გლობალური ეკონომიკური ცვლილებების ფონზე ენერგეტიკული და სავაჭრო გზების შეუცვლელ ჰაბად აქცევს.
დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში, ექსპორტიორი მწარმოებლებისთვის მოგების გადასახადი 9%-მდე შემცირდება. ამასთან, მთავრობა სპეციალურ რეგულაციებს ნერგავს, რომლებიც მოქალაქეებსა და კომპანიებს საზღვარგარეთ არსებული აქტივების თურქულ ეკონომიკაში დაბრუნებისკენ უბიძგებს. ინიციატივა საშუალებას იძლევა, უცხოეთში განთავსებული ფულადი სახსრები, ოქრო და ფასიანი ქაღალდები თურქეთში შეღავათიანი საგადასახადო განაკვეთით გადმოირიცხოს.
პარალელურად, სტამბოლის ფინანსურ ცენტრში ტრანზიტული ვაჭრობით მიღებული შემოსავალი კორპორაციული გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება.
გარდა ამისა, ოფიციალური ანკარა გლობალური კომპანიების რეგიონული შტაბ-ბინების თურქეთში გადმოტანას გრძელვადიანი საგადასახადო უპირატესობებითა და კვალიფიციური კადრებისთვის დაწესებული შეღავათებით გეგმავს.
პრეზიდენტის თქმით, საინვესტიციო პროცესების გასამარტივებლად ერთი ფანჯრის პრინციპის ციფრული პლატფორმა ამოქმედდება, რომელიც კომპანიის დაფუძნებიდან მუშაობის ნებართვის მიღებამდე ყველა პროცედურას გააერთიანებს.
ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო 23 წლის განმავლობაში თურქეთის ეკონომიკა $238 მილიარდიდან $1.6 ტრილიონამდე გაიზარდა, რაც ქვეყნის მზარდ გლობალურ გავლენასა და მდგრადობაზე მიუთითებს.
ცნობისთვის, ახალი რეფორმების ფარგლებში, პირები, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში თურქეთის საგადასახადო რეზიდენტები არ იყვნენ, ქვეყანაში გადასვლის შემთხვევაში უცხოური შემოსავლების გადასახადისგან 20 წლის განმავლობაში გათავისუფლდებიან. აღნიშნულ ჯგუფზე ასევე 1%-იანი სამემკვიდრეო გადასახადი გავრცელდება.




























