სსიპ „ინვესტიციების სააგენტო“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან 6 927 000 ლარის ღირებულების გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს.
სააგენტოს განცხადებით, შესყიდვის საფუძველს წლის ბოლომდე [2026 წლის ივნისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით] დაგეგმილი ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების აუცილებლობა წარმოადგენს.
სააგენტოს მიერ წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, ბიუჯეტი სამი ძირითადი მიმართულებით გადანაწილდება:
-
საინფორმაციო-სარეკლამო კამპანია და პროგრამები: სატელევიზიო გადაცემებში სარეკლამო პროდუქტების განთავსება, საიმიჯო და სერვისების ვიდეორგოლების დამზადება-გავრცელება, გარე ბილბორდები, ინტერნეტ-ბანერები და სოციალური ქსელების მართვა.
-
ექსპორტის ხელშეწყობა: საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენებსა თუ ბაზრობებში მონაწილეობა, სავაჭრო მისიების ორგანიზება, ქართული კომპანიების ონლაინ-პლატფორმებზე განთავსება და საერთაშორისო კონფერენციები.
-
ინვესტიციების მოზიდვა და მხარდაჭერა: საზღვარგარეთ roadshow-ების მოწყობა, B2B და ონლაინ შეხვედრების ორგანიზება, გლობალურ მედიაპლატფორმებზე საქართველოს საიმიჯო კამპანიის წარმოება, პოტენციური ინვესტორების ვიზიტები, სექტორული კვლევები, მონაცემთა ბაზების შეძენა და ღრუბლოვანი სერვერული მომსახურება.
შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, სააგენტოს ფუნქციებში გადავიდა „აწარმოე საქართველოშის" გარკვეული პროგრამები. უწყების განმარტებით, ელექტრონული ტენდერის ჩატარება ღონისძიებებს ჩაშლის ან შეაფერხებს.
კერძოდ, სააგენტოში განმარტავენ, რომ საერთაშორისო გამოფენების, ფორუმებისა და კონფერენციების ორგანიზატორები თავად ადგენენ მონაწილეობის წესებს, ვადებს, საფასურს და როგორც წესი, უარს ამბობენ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობაზე: "ექსპორტის წახალისებისა და ინვესტიციების მოზიდვის და ხელშეწყობის ღონისძიებებთან დაკავშირებით სატენდერო პროცედურების დაგეგმვა და ჩატარება დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული, რომლის სპეციფიკურობას წარმოადგენს ის, რომ თითოეული ეს ღონისძიება თავისი შინაარსით და მახასიათებლებით ინდივიდუალურია და ჰყავს თავისი განსაზღვრული სამიზნე ჯგუფები. აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავსი ღონისძიების ორგანიზატორები, როგორც წესი, უარს ამბობენ რაიმე სახის ტენდერებში და კონკურსებში მონაწილეობაზე, ვინაიდან თავად ეს ღონისძიებები არის აბსოლუტურად განსხვავებული ტიპის და იგი ეფუძნება პრინციპს, რომლის დროსაც ღონისძიება იგეგმება თავად ორგანიზატორის მიერ და მასში მონაწილეობა შეუძლია ყველა შესაბამის კომპანიას, ორგანიზაციას და არა პირიქით".




























