ინვესტიციების მიმართულებით გვაქვს განსაკუთრებული ძალისხმევა მიმართული და მომავალი წლიდანკიდევ უფრო მეტად გაიზრდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა - ამის შესახებ "ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამოქვეყნებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოფიციალური სტატისტიკის შეფასებისას განაცხადა.
საქმე ის არის, რომ რომ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული III კვარტალის წინასწარი მონაცემებით, ქვეყანაში 533.2 მლნ აშშ დოლარის FDI შემოვიდა, რაც 2024 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 2-ჯერ მეტია. "ზრდა განპირობებულია სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის ზრდით" - აღნიშნულია პუბლიკაციაში.
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2025 წლის 9 თვეში 11%-ით 1 მილიარდ 296 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, რაც მესამე კვარტალში სავალო ვალდებულებებით გაზრდილი FDI-იმ განაპირობა.
„ეკონომიკა სწრაფი ტემპით ვითარდება. ჩვენ წელსაც მოვახერხეთ ამ ტემპის შენარჩუნება. გასული ოთხი წლის განმავლობაში ზრდის საშუალო მაჩვენებელი იყო 9,8%, წელს პირველი ათი თვის მაჩვენებელი არის 7,6%. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდაც არის ამ ტენდენციის გამოხატულება. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია ეკონომიკის განვითარება, იმიტომ, რომ ეს ნიშნავს ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ეს ნიშნავს საგარეო პოლიტიკაში ჩვენი პოზიციების კიდევ უფრო მეტად გამყარებას, ამიტომ, ხელისუფლება განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს სწორედ ეკონომიკის განვითარებაზე. ინვესტიციების მიმართულებით გვაქვს განსაკუთრებული ძალისხმევა მიმართული და მომავალი წლიდან კიდევ უფრო მეტად გაიზრდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა. მხოლოდ ერთი კომპანიის ხარჯზე ჩვენ ველოდებით 6,6 მლრდ დოლარის ინვესტიციის შემოსვლას. ტენდენცია არის კარგი, შევინარჩუნეთ ზრდის მაღალი ტემპი და მომდევნო წლებშიც ველოდებით ასეთივე მაღალი ტემპის შენარჩუნებას. სავალუტო ფონდის პროგნოზი არის ის, რომ 5,1% იქნება მომდევნო წლების განმავლობაში საშუალო ზრდა, თუმცა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ როგორც წარსულში ვახერხებდით, ახლაც შევძლებთ ამ საპროგნოზო მაჩვენებლის გადაჭარბებით შესრულებას“, - განაცხადა პრემიერმა.



























