Anthropic-ის მსხვილმა ინვესტორებმა, Amazon-მა და Nvidia-მ ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე სტარტაპსა პენტაგონს შორის არსებული დაპირისპირების გამო შეშფოთება გამოთქვეს და განაცხადეს, რომ დარიო ამოდეის გუნდმა სახელმწიფო უწყებასთან დაპირისპირების გაგრძელების მაგივრად დეესკალაციის გზა უნდა აირჩიოს.
ინვესტორებმა განცხადება მას შემდეგ გაავრცელეს, რაც შტატების ომის დეპარტამენტმა ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ და „მიწოდების ჯაჭვის რისკად“ გამოცხადდა. განმარტებისთვის, ეს სტატუსი პენტაგონის კონტრაქტორებს Anthropic-ის ტექნოლოგიების გამოყენებას ნებისმიერ ბიზნეს-პროცესში უკრძალავს. ინვესტორები შიშობენ, რომ თავდაცვის დეპარტამენტთან კონფლიქტი კომპანიის საქმიანობას სახელმწიფო სექტორის მიღმაც დააზიანებს, მათ შორის კორპორაციული გაყიდვებისა და დაგეგმილი IPO-ს კუთხითაც.
შეგახსენებთ, დაპირისპირება პენტაგონსა და Anthropic-ს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც სტარტაპმა ომის დეპარტამენტს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და უარი თქვა, მოეხსნა უსაფრთხოების ე.წ. „წითელი ხაზები“. ანუ, სამინისტროსთვის საკუთარ ტექნოლოგიაზე სრული და უპირობო წვდომა მიეცა. როგორც ცნობილია, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, დარიო ამოდეი Claude AI-ს გამოყენებას ავტონომიური იარაღის შესაქმნელად და მოსახლეობის მასობრივი თვალთვალისთვის კატეგორიულად ეწინააღმდეგება. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად პენტაგონის მხრიდან წნეხისა, Anthropic-ის პროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება - ორშაბათს Claude App Store-ში ყველაზე ჩამოტვირთვადი უფასო აპლიკაცია გახდა. მან გადაუსწრო პოპულარულ ChatGPT-ს და წლიური შემოსავლის პროგნოზი $14-დან $19 მილიარდ დოლარამდე გაზარდა.
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ Anthropic-ს მხარდაჭერა კონკურენტმა კომპანია OpenAI-მ გამოუცხადა. მან მთავრობას მოუწოდა, მოუხსნას სტარტაპს რისკის სტატუსი. OpenAI-ის განცხადებით, მათი და Anthropic-ის „წითელი ხაზები“ იდენტურია და არ მოიცავს ტექნოლოგიის გამოყენებას სათვალთვალო ან ავტონომიური იარაღის სისტემების შესაქმნელად.



























