ბიზნესის სექტორის ნაწილი აცხადებს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხება და გაზრდილი პოლიტიკური რისკები ინვესტორების განწყობაზე ნეგატიურად აისახება.
როგორც BMG-სთან უძრავი ქონების კომპანიების - RENTALS-ისა და Eristavi Estates-ის დამფუძნებელი აცხადებს, შეიმჩნევა ტენდენცია, რომ ინვესტორები ახლა უფრო მეტად ფრთხილობენ და გარკვეული გადაწყვეტილებები დაპაუზებული აქვთ.
ზურაბ ერისთავის განცხადებით, ასეთი პოზიცია აქვთ ამ ეტაპზე მათ შორის საერთაშორისო კომპანიების ნაწილს, რომლებიც საქართველოში საოფისე ფართებს ქირაობენ.
“საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი და ტემპი საკმაოდ შთამბეჭდავია. რეგიონს რომ შევხედოთ, მართლაც განსაკუთრებულია და ამის არდანახვა შეუძლებელია. უბრალოდ, აქ კიდევ სხვა ფაქტორებიც არის - პოლიტიკური რისკები, რაც ამ ყველაფერს ახლავს, ეს ინვესტორებისთვის ძალიან ცუდი სიგნალია. ჩვენს ბიზნესში, უძრავ ქონებაში ამას სულ ვხედავთ. ახლა [უძრავ ქონებაში] დიდი პროექტები და ინვესტორები დაანონსდა. გამოცხადდა, რომ ისინი საქართველოში შემოდიან და ეს ალბათ ძალიან კარგია, მაგრამ უშუალოდ ვინც ვართ ამ სექტორში, [ვხედავთ, რომ] ძალიან დიდი არის სიფრთხილის ფაქტორი. გადაწყვეტილების არმიღება, გადაწყვეტილების დაპაუზება, მოცდა, თუ რა შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯი ინვესტორისთვის.
მაგალითად, დიდი კომპანიების განვითარების ტრაექტორიას რომ შევხედოთ, როგორ ვითარდებოდა ეს ყველაფერი, ბოლო 10 წლის განმავლობაში, ძალიან ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც შემოვიდა და გაფართოვდა, ვისთანაც ჩვენ გვიმუშავია, ახლა მათ გაფართოების ისეთი მასშტაბი აღარ აქვთ, როგორიც ადრე ჰქონდათ.
მე ძირითადად აქცენტი დიდ კომპანიებზე მაქვს, რომლებიც აქ ძირითადად ოფისებს ქირაობენ. განვითარების პერსპექტივით აიღეს ერთი ოფისი, შემდეგ აიღეს მეორე, მესამე, მეოთხე და გაფართოვდნენ, აიყვანეს თანამშრომლები. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვისთანაც ვისაუბრეთ, ჩვენი ისტორიული კლიენტები ვინც არიან, მათ ეს განწყობა ემჩნევათ”, - განაცხადა ზურაბ ერისთავმა.
ცნობისთვის: ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის თანახმად, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქაღალდზე დარჩა.




























