მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტორები კითხვებს სვამენ. მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად დასტაბილურდეს სიტუაცია - ბესო ორთოიძე

არსი

კომპანია „არსის“ გენერალური დირექტორის, ბესო ორთოიძის შეფასებით, არსებული ვითარება ეკონომიკაზე უარყოფით გავლენას მოახდენს, ამიტომ მნიშვნელოვანია, სიტუაცია რაც შეიძლება სწრაფად დასტაბილურდეს.

როგორც ბესო ორთოიძემ BMG-ის “რუსულ კანონთან” და მის გარშემო შექმნილი ვითარების ბიზნესზე გავლენასთან დაკავშირებით განუცხადა, ევროპელი ინვესტორები კითხვებს სვამენ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ფერხდება.

„ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იყოს მშვიდი, სტაბილური გარემო. სხვანაირად წარმოუდგენელია ეკონომიკური ზრდა. ასევე, ყველას გააზრებული გვაქვს, რომ ევროკავშირი არის ჩვენი ქვეყნის განვითარების უპირველესი გზა. დღეს ვხედავთ, რომ ერთი მხრივ, არასტაბილური გარემო გვაქვს. რა თქმა უნდა, რთულია ასეთ გარემოში რაღაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო ინვესტიციის კუთხით. ევროპელი ინვესტორები, ჩვენ გვყავს ესტონელი ინვესტორები, კითხვებს სვამენ, რა ხდება, როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი და თუ რამე მნიშვნელოვანი გადასაწყვეტი გვაქვს, ამ პერიოდში პაუზდება ეს, რაც უარყოფითი გავლენაა ეკონომიკაზე. ევროკავშირთან ინტეგრირებას რაც შეეხება, ვხედავთ რა პოზიციები ფიქსირდება. ამ ნაწილშიც გაუარესებაა. თუმცა უნდა შევხედოთ, რა შედეგი დადგება თუნდაც უახლოეს მომავალში, როდესაც ველოდებით შემდეგ ნაბიჯებს ევროკავშირის მხრიდან.

ზოგადად, როცა საარჩევნო წელი გვაქვს ეკონომიკაში გარკვეული შემცირება, შეფერხება შეიმჩნევა ხოლმე. წინა წლებსაც თუ გადავხედავთ, საარჩევნოდ მღელვარება ყოველთვის იყო, არა ასეთი მუხტით, მაგრამ ყოველ არჩევნებს ეს თან ახლავს. თუმცა ამან [კანონმა] დამატებითი არეულობა შემოიტანა. ვხედავთ, არასასურველი გარემოა, რა თქმა უნდა ეს ეკონომიკაზე უარყოფით გავლენას მოახდენს. ვისი ბრალიც არ უნდა იყოს, პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება, მით უფრო მასშტაბური იქნება ეს უარყოფითი გავლენა. მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ სიტუაციის დასტაბილურება და კომპრომისის გამონახვა. ჩემი აზრით, ბერკეტი, რომ ეს ყველაფერი შეაჩეროს, მხოლოდ ხელისუფლებას აქვს“, - ამბობს ბესო ორთოიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები