მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ინვესტორები რაჭაში სასტუმრო პროექტების განხორციელებაში უნდა დავარწმუნოთ"- გიორგი დოლიძე

რაჭა

ეკონომიკის სამინისტრომ ტურიზმის 2024 წლის საპროგნოზო მაჩვენებლები წარადგინა. მთავრობის გათვლებით, წელს მგზავრთნაკადი 6,8 მილიონამდე გაიზრდება, 4,5 მილიარდ დოლარს მიაღწევს შემოსავლები ტურიზმიდან, ხოლო საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები 7,9 მილიონამდე გაიზრდება. ამასთან, თუ გასულ და მიმდინარე წელს სასტუმრო ბიზნესში საშუალოდ 220 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, 2024/2027 წლებში მთავრობის გათვლებით, ეს ციფრი 1 მილიარდამდე გაიზრდება.

როგორც სასტუმრო ბიზნესის კონსულტანტი გიორგი დოლიძე BMGTV-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ აცხადებს, ინვესტორები საქართველოში სასტუმროსა და აპარტამენტების მიმართულებით ინვესტიციების განხორციელების კუთხით, პოზიტიურად არიან განწყობილი.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ძირითადი დატვირთვა თბილისსა და ბათუმზე მოდის, რადგან ყველაზე განვითარებული ინფრასტრუქტურა, სწორედ ამ ორ ქალაქში შეინიშნება, სადაც საერთაშორისო ბრენდები და საერთაშორისო მენეჯმენტ კომპანიები შემოდიან.

„აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ინვესტორების 65-70% ადგილობრივი დეველოპერული კომპანიები არიან როგორც თბილისში, ასევე ბათუმში. ხოლო დანარჩენი 30% საერთაშორისო ბაზრებიდან მოზიდული ინვესტიციები და თვითონ ინვესტორები არიან, რომლებიც სასტუმრო ბიზნესს აწარმოებენ და თანხებს დებენ.

თბილისისა და ბათუმის ირგვლივ ბევრი რეგიონი და რაიონია განსავითარებელი. ვიცით, რომ კახეთის მიმართულებით სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდები უკვე შემოდის, ასევე 1 კონკრეტული ბრენდი რაჭის მიმართულებითაც არის. თუ სტატისტიკას გადავხედავთ, ყველაზე ნაკლებად განვითარებული ინფრასტრუქტურა რაჭას აქვს. რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან ამ რეგიონს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ვფიქრობ, რომ თითოეულმა ჩვენგანმა, ვისაც ინვესტორებთან პირდაპირი შეხება გვაქვს, უნდა დავარწმუნოთ ისინი, რომ მომდევნო ინვესტიციები რაჭის მიმართულებით ჩადონ. რადგან რაჭა საქართველოს ინფრასტრუქტურულ რუკაზე, შავი ლაქასავით არის,“-აცხადებს დოლიძე.

სასტუმრო ბიზნესის კონსულტანტი ასევე გასულ წელს აფასებს და ამბობს, რომ 2023-მა წელმა მოლოდინებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა, რადგან ქვეყნის დატვირთულობის კოეფიციენტმა საერთო ჯამში 60% შეადგინა. ამასთან ბათუმი ძალიან დატვირთული იყო და ეს დატვირთულობა მიმდინარე პერიოდშიც გრძელდება.

„ქვეყნის მთლიანი დატვირთულობის კოეფიციენტმა 60% შეადგინა, თბილისის ზოგიერთ ობიექტზე კი დატვირთულობა 70-80%-ს შეადგენდა. ასევე ბათუმში იყო ძალიან დატვირთული და ეს აქტივობა დღესაც გრძელდება. მიუხედავად დაბალი სეზონისა, ბათუმზე ძალიან დიდი მოთხოვნაა, ვიდრე თბილისზე. თებერვალი ვიცით, რომ ყველაზე მკვდარი თვეა, თუმცა არსებობენ ობიექტები, რომლების დატვირთულობამაც ბათუმში 50-60% შეადგინა. 2023 წელს, მიუხედავად ისრაელში შექმნილი ვითარებისა, მაინც კარგ წლად შეიძლება შევაფასოთ, რადგან უმნიშვნელოდ, თუმცა წილობრივად, სხვა ქვეყნებიდან შემომავალმა ტურისტებმა დააბალანსა. გვსტუმრობდნენ ევროპელი და ჩინელი სტუმრები, რაც უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებით იყო განპირობებული, თუმცა დიდი ტურისტული ჯგუფები ამ დრომდე არ ფიქსირდება. გამომდინარე იქიდან რომ სულ ახლახანს მოხდა ეს პროცესი, სჭირდება თავისი მარკეტინგული აქტივობა, ჩვენი ტურისტული კომპანიების მიერ გაზრდილი აქტივობა და ინიციატივები, რომ ჩინეთში ადგილზე ჩავიდნენ და მარკეტინგულად ჩინური DMC- ები მოიზიდონ,"-განაცხადა დოლიძემ.

მისივე შეფასებით, კომპანია, რომელიც ჩინურ ბაზართან მარკეტინგულად გააქტიურება როგორც მათთვის, ასევე საქართველოს სასტუმროებისთვისაც ძალიან დიდი საქმე იქნება. სასტუმროები კი მზად არიან საფასო პოლიტიკით, სპეციფიკური კვებისა ან სერვისის შეთავაზებით ხელი შეუწყონ.

"ტურისტული ნაკადების გაზრდის პროპორციის შეფარდება სასტუმროების რაოდენობასთან ალბათ გაგვიჭირდება. ყველაზე იდეალურ შემთხვევაში, როდესაც ბანკი კრედიტს გასცემს და ინვესტორიც არის დაინტერესებული, ჩვენც მათ შორის ვადგენთ ე.წ. PNL-ს, რომ ვნახოთ რამდენი პროცენტი უნდა გვქონდეს დატვირთულობა, რომ ე.წ. Break-even-ზე გავიდეთ და შემდეგ უკვე რამდენი პროცენტია იდეალური, რომ ინვესტორს შესაბამისი მოგება ჰქონდეს, ეს არის ხოლმე 65-70% დატვირთულობის კოეფიციენტი წლის ჭრილში,"-აღნიშნავს ბიზნეს კონსულტანტი.

დოლიძის თქმით, ყველა ინვესტორს გააზრებაში ეხმარებიან, რომ სასტუმროში ჩადებული ინვესტიცია საწარმოში ჩატადებული ინვესტიცია არ არის, რომელიც 1-2 წელიწადში მოგებას იძლევა. ეს არის მინიმუმ 10 წლიან ინვესტიციაზე გათვლილი პროცესი.

"ტურისტული ნაკადები არის ერთი, თუ საიდან შეიძლება მიიღოს სასტუმრომ დატვირთულობა და მეორე მიმართულება არის MICE ტურიზმი, სხვადასხვა კორპორაციული შეხვედრები, კონფერენციები და იმ მიზიდულობის ცენტრების აქტივობების გაკეთება, რამაც სასტუმრო ბიზნესსა და ინდუსტრიაში დამატებითი შემოსავლები შეიძლება მოიტანოს. თუმცა, ის ინდიკატორები, იდეალურ შემთხვევაში არის 70%, სადაც შეიძლება ვთქვათ, რომ 110-120$ გამოცხადებული ფასით შეიძლება მშვიდად ვიყოთ, რომ ჩვენი სასტუმროს ფინანსური მაჩვენებლები კარგად მიდის, იზრდება და ტურისტულ ნაკადებსაც ფეხს უწყობს,“-განაცხადა სასტუმრო ბიზნესის კონსულტანტმა.

დოლიძე პანდემიამდელ პერიოდს გასულ წელს ადარებს და აღნიშნავს, რომ 2019 წლის დატვირთულობა, რომელიც 80-85%-ს შეადგენდა, 2023 წელს შეასრულეს. ამასთან პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, სხვადასხვა კლასის სასტუმროებში ფასები 10-15%-ითაა გაზრდილი.

ბიზნეს კონსულტანტის პროგნოზით, გამომდინარე წინასწარი რეზერვებიდან, პანდემიის შემდეგ ძალიან დაიკარგა კულტურა, რომ წინასწარ, სხვადასხვა ტურისტულ კომპანიებს გაეკეთებინათ დიდი ჯგუფური ჯავშნები და წინა წელს მომდევნო წლის ფინანსური პროგნოზი შეექმნათ. თუმცა, არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, წინასწარი ჯავშნების რაოდენობამ 35-40% შეადგინა თბილისსა და ბათუმში. მისი თქმით, ამას ბოლო წუთას გაკეთებული ჯავშნები და ერთი კვირით ადრე მოთხოვნილი რეზერვაციებიც დაემატება, რაც 75-80%-მდე დატვირთულობის შესაძლებლობას ქმნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები