სასტუმრო ბიზნესის კონსულტანტი გიორგი დოლიძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იმ ინიციატივას აფასებს, რომლის მიხედვით, 2024-2027 წლებში საქართველოში 320 ახალი სასტუმრო უნდა აშენდეს. მისი თქმით, განთავსების ახალი ობიექტები არა დიდ ქალაქებში, არამედ სხვა რეგიონებში უნდა განთავსდეს.
"სასტუმროების დიდი ნაწილი მხოლოდ ორ ქალაქში: თბილისსა და ბათუმში არ უნდა იყოს აშენებული. ქვეყნის მასშტაბით უნდა გაიშალოს. კახეთში რამდენიმე სასტუმრო შენდება, რაც მისასალმებელია. რაჭაში ბრენდული სასტუმროები არ გვაქვს, ამაზე სერიოზულადაა სამუშაო. თუ ყაზბეგის მაგალითს ავიღებთ, რეგიონში, სადაც არაფერია, ლამაზის ბუნების გარდა, პირველად ვიღაცამ თუ არ გარისკა და ინფრასტრუქტურა არ შექმნა; არ შემოიყვანა ბრენდი, სხვანაირად ის რეგიონი ტურისტულად ვერ განვითარდება", - განაცხადა გიორგი დოლიძემ.
გიორგი დოლიძის თქმით, მთავრობამ ინვესტორს ისეთი პირობები უნდა შესთავაზოს, რომ კონკრეტული რეგიონით დაინტერესდეს.
"საინვესტიციო სიხალვათე უნდა შეიქმნას, ინვესტიციების ჩადება გამარტივდეს. მთავრობას ისეთი პოლიტიკა უნდა ჰქონდეს, რომ ინვესტორს რაჭაში ჩასვლის სურვილი გაუჩნდეს. რაჭაში პირველი მერცხალია საჭირო, ვინც ინვესტიციას ჩადებს", - აღნიშნა გიორგი დოლიძემ.