მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტორები Zara-ს მფლობელ Inditex-ს პროდუქტის მიმწოდებლების გასაჯაროებისკენ მოუწოდებენ

zara

სხვა მსხვილი მწარმოებლებისგან განსხვავებით, Inditex-ს ჯგუფი, რომლის მფლობელობაშიც ტანსაცმლის მწარმოებელი, სწრაფი მოდის უმსხვილესი ბრენდები: Zara, Bershka, Pull&Bear და სხვები ერთიანდებიან - მიწოდების ჯაჭვის შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს, რაც ინვესტორებისთვის მიუღებელია.

Reuters-ის ინფორმაციით, ინვესტორების ესპანურ კომპანიას, პროდუქტის მომწოდებლებთან დაკავშირებით, მეტი გამჭვირვალობისკენ მოუწოდებენ. მართალია, თავად Inditex-ი ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც ის 12 ქვეყანაა ჩამოთვლილი, საიდანაც ფირმა სხვადასხვა ნედლეულს ყიდულობს, თუმცა კონკრეტული საწარმო-სამკერვალოების დასახელებისგან თავს იკავებენ. ინვესტორებისგან კი წნეხი მას შემდეგ გაჩნდა, რაც სხვა მსხვილმა მწარმოებლებმა, მათ შორის Adidas-მა და H&M-მა ეს ინფორმაცია საჯარო გახადეს.

“Inditex-თან ჩვენი ურთიერთობის მანძილზე, ერთ-ერთი, რასაც მათგან ვითხოვთ, მომწოდებილებისა და მათი გეოგრაფიული მდებარეობების გასაჯაროებაა. მიუხედავად იმისა, რომ Inditex-ი მსგავსი მონაცემების ხელმისაწვდომობაში გვარწმუნებს, ამ დრომდე მათ არ წარმოუდგენიათ არავითარი სია, განსხვავებით ინდუსტრიის სხვა მსხვილი მოთამაშეებისგან”, - განაცხადა ჰოლანდიურმა საინვესტიციო კომპანია MN-მა Reuters-თან.

მიზეზი, რის გამოც კომპანიებს მიწოდების ჯაჭვის გასაჯაროებისკენ მოუწოდებენ, ინვესტორების მხრიდან სანდოობის შეფასებაა. გარდა ამისა, გამჭვირვალობას მწარმოებლებისგან თავად სფეროს მარეგულირებლებიც მოითხოვენ, რათა დარწმუნდნენ, რომ საწარმო ეთიკურ პრაქტიკას ახორციელებს და მათ თანამშრომლებს შესაბამისი სამუშაო პირობები აქვთ შექმნილი.

მიუხედავად იმისა, რომ Inditex-ი მიწოდების ჯაჭვის შესახებ მხოლოდ ნაწილობრივ ინფორმაციას ავრცელებს, ინდუსტრიის შეფასებისას მან მაღალი ქულები დაიმსახურა “მმართველობის” კატეგორიაში, რადგან კომპანია “მკაფიო პასუხისმგებლობით ეკიდება შრომის უსაფრთხოების სტანდარტის დაცვას”.

შესაბამისად, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც შესაძლოა, Inditex-ი ინფორმაციას არ ასაჯაროებდეს, კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებაა. თუმცა თავად კომპანია მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები