მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰონკონგის ბირჟაზე დებიუტისას Shein-ის აქციების ფასი დაეცა

shein

სწრაფი მოდის გიგანტის, Shein-ის აქციები ჰონკონგის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის პირველ დღეს, სამშაბათს, 10%-ით დაეცა, თუმცა მოგვიანებით დანაკარგების ნაწილი აანაზღაურა.

Shein-ის აქციების პირველადი საჯარო შეთავაზება 24 აგვისტოს დაიწყო, საბოლოო ფასი კი ერთი კვირის შემდეგ, 31 აგვისტოს დადგინდა. ვაჭრობა მომდევნო დღეს გაიხსნა.

აღნიშნული პაუზა IPO-ს სტანდარტულ პროცესს ასახავს: ინვესტორები დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ათავსებდნენ შეკვეთებს, ბანკებმა დაადგინეს საბოლოო ფასი და გადაწყვიტეს, ვინ მიიღებდა აქციებს, ვაჭრობა კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ბირჟამ საბოლოო დასტური გასცა.

ჰონკონგის ბირჟაზე განთავსებით Shein-მა დაასრულა ხანგრძლივი პროცესი, რომლის ფარგლებშიც კომპანია არჩევდა ბაზარს, რომელიც მას მიიღებდა. Shein-ის გეგმები ნიუ-იორკსა და ლონდონში დალისტვის შესახებ მას შემდეგ ჩაიშალა, რაც ჩინური მიწოდების ჯაჭვები მკაცრი დაკვირვების ქვეშ მოექცა, კომპანია კი იძულებული გახდა, ჰონკონგისთვის მიემართა.

აშშ-სა და ევროკავშირის ახალმა ტარიფებმა ჩინეთიდან გამოგზავნილ იაფფასიან ამანათებზე, ირანში მიმდინარე ომის გამო გაზრდილ ტრანსპორტირების ხარჯებთან ერთად, Shein-ის ფინანსებზე უარყოფითად იმოქმედა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კომპანიამ პროგნოზირებული 395 მილიონი დოლარის მოგების ნაცვლად, 99 მილიონი დოლარის ზარალი ნახა.

Shein-მა დაახლოებით 1.7 მილიარდი დოლარი (1.46 მლრდ ევრო) მოიზიდა, აქციების ფასი კი 48.56 ჰონკონგურ დოლარად (5.33 ევრო) განისაზღვრა.

"Shein-ის ჰონკონგის ბირჟაზე გასვლა ახალი საწყისი წერტილია" - განაცხადა კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა, ლი გუიმ, ლისტინგის ცერემონიაზე. თუმცა, ვაჭრობის დასაწყისში აქციების ფასი 44 ჰონკონგურ დოლარზე (4.83 ევრო) დაბლა ჩამოვიდა.

ჰონკონგის IPO-ს ზრდა

ჰონგ-კონგის ბირჟაზე გასვლისას კომპანიის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 27 მილიარდი დოლარი იყო, რაც რამდენიმე წლის წინანდელ პიკურ მაჩვენებელზე ბევრად ნაკლებია.

ფრანგული ბანკის, Natixis-ის უფროსი ეკონომისტის, გარი ნგის თქმით, Shein-მა სავარაუდოდ ხელოვნური ინტელექტისკენ მიმართული ინტერესისა და ტარიფების გამო "ოქროს შესაძლებლობა" ხელიდან გაუშვა, რამაც მის შეფასებაზე იმოქმედა.

მიუხედავად ამისა, Shein-ის გამოჩენა კარგი სიახლეა ჰონგ-კონგისთვის, რომელიც გლობალური ფინანსური ჰაბის სტატუსის შენარჩუნებას ცდილობს. ჰონკონგის საფონდო ბირჟისთვის ეს წელი IPO-ების მხრივ წარმატებული აღმოჩნდა და ამ დროისთვის 40 მილიარდ დოლარზე მეტია მოზიდული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები