1 ივლისიდან ევროკავშირში ჩინეთიდან შესულ მცირე ღირებულების მქონე იმ გზავნილებზე, რომლებიც მანამდე ბლოკში საბაჟო გადასახადის გარეშე შედიოდა, 3-ევროიანი გადასახადი დაწესდა - მათი განცხადებით, ამით პირველი ნაბიჯი გადაიდგა იმ არაკონკურენტულ გარემოსთან საბრძოლველად, რომელსაც Shein-ის, Temu-სა და AliExpress-ის მსგავსი ონლაინ პლატფორმები ქმნიან.
ეს ნაბიჯი მორიგი დარტყმაა იმ პლატფორმებისთვის, რომლებიც ულტრა-დაბალი ფასების დასაწესებლად საბაჟო შეღავათებით სარგებლობდნენ, რამაც მათი სწრაფი ზრდა და ადგილობრივი მწარმოებლებისა და პოლიტიკოსების უკმაყოფილება გამოიწვია.
ახალი გადასახადი, რომელიც ძალაში ოთხშაბათიდან შედის, გზავნილში შემავალი თითოეული საბაჟო კლასიფიკაციისთვის დაწესდება. შესაბამისად, ამანათი, რომელიც შეიცავს სამი განსხვავებული ტიპის ნივთს, ჯამში 9 ევროთი დაიბეგრება, ხოლო ამანათი რამდენიმე კაბით ან სათამაშოთი - 3 ევროთი.
მცირე ღირებულების იმპორტზე საბაჟო შეღავათები ათწლეულების განმავლობაში მოქმედებდა, ხოლო ამ დრომდე მოქმედი 150-ევროიანი ზღვარი 2008 წელს შემოიღეს. თუმცა, ამ შეღავათით ევროკავშირში შემოსული ამანათების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და, 2022 წელს დაფიქსირებული 1.4 მილიარდიდან, 2025 წელს 5.8 მილიარდს მიაღწია.
"სხვაგვარ სავაჭრო რეალობაში ამ შეღავათს აზრი ჰქონდა, მაგრამ ის სამყარო აღარ არსებობს. ის თავდაყირა დააყენა ელექტრონულმა კომერციამ, განსაკუთრებით ჩინეთიდან. ეს შეღავათი ინდუსტრიული მასშტაბით ბოროტად გამოიყენებოდა, რათა შექმნილიყო არაკონკურენტული უპირატესობა ევროკავშირის ბიზნესის ხარჯზე", - განაცხადა ინტერვიუში ევროპარლამენტარმა დირკ გოტინკმა, რომელიც ევროპარლამენტში საბაჟო რეფორმის მიმართულებას ხელმძღვანელობს.
Shein ამ ცვლილებებისთვის წინასწარ ემზადებოდა პოლონეთში, კერძოდ ვროცლავში, სასაწყობო ფართების გაფართოებით და ევროკავშირში პროდუქციის უფრო დიდი პარტიებით გაგზავნით.
მოსალოდნელია მომხმარებლებისთვის ფასების ზრდა
3-ევროიანი მოსაკრებელი დროებითი ღონისძიებაა, რომელიც 2028 წლის 1 ივლისიდან კატეგორიების მიხედვით განსაზღვრული საბაჟო გადასახადებით ჩანაცვლდება, როდესაც მუშაობას ევროკავშირის ახალი საბაჟო ორგანო დაიწყებს.
ეს მოსაკრებლები, სავარაუდოდ, გაზრდის სამომხმარებლო ფასებს, რადგან პლატფორმები მყიდველებს დამატებითი ხარჯების ნაწილს მაინც დააკისრებენ .
AliExpress-მა, რომელიც ჩინურ გიგანტ Alibaba-ს ეკუთვნის, განაცხადა, რომ პროდუქციის აღწერაში, საჭიროების შემთხვევაში, მითითებული იქნება - "ფასი მოიცავს საბაჟო გადასახადსა და დღგ-ს". სხვა საქონელზე კი მომხმარებლები შესყიდვის დასრულებამდე დაინახავენ საიმპორტო გადასახადების დეტალურ ჩამონათვალს.
Amazon-მა, რომელმაც Temu-სა და Shein-ის სწრაფი ზრდის საპასუხოდ ულტრა-იაფი სერვისი Amazon Haul აამუშავა, განაცხადა, რომ გასულ წელს ევროკავშირში მისი გზავნილების 97% უშუალოდ ბლოკში არსებული საწყობებიდან განხორციელდა. იმ პროდუქტებზე კი, რომლებიც ევროკავშირის გარედან იგზავნება, მომხმარებლებს საიმპორტო ხარჯები გადახდამდე ეჩვენებათ.




























