„FDI-ს ზრდით კმაყოფილი ვართ, მაგრამ არ დავკმაყოფილდებით, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების მოცულობა მუდმივად უნდა იმატებდეს“ - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ BM.GE-ს შესაბამის კითხვას საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკის შესახებ.
ირაკლი კობაძიძე აცხადებს, რომ FDI-ს თითქმის 50%-იანი ზრდა მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია და საქართველოს მიმართ ინვესტორების ინტერესი გამუდმებით იზრდება.
"გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით, თითქმის 50%-იანი ზრდა გვაქვს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით, რაც ასევე არის ჩვენი სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი. მომავალშიც მაქსიმუმი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური იმიჯი და უშუალოდ ინვესტორებთან ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ“, - აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე BM.GE-ს მთავარმა რედაქტორმა ირაკლი კობახიძეს ჰკითხა - თუ უყურებენ მთავრობაში FDI-ს დეტალურ სტატისტიკას, რადგან ზრდის პირობებში, ინვესტიციების დიდი წილი რეინვესტირებაზე მოდის და წლების განმავლობაში ქვეყნებისა და სექტორების რეიტინგი არ იცვლება და ლიდერები დიდი ბრიტანეთი და საფინანსო სექტორი არიან, რადგან ქართული უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტები იურიდიულად დიდ ბრიტანეთში არიან დაფუძნებული და მათი ოპერაციები საქსტატის მიერ FDI-ის სახით აღირიცხება. თელარა გელანტიამ ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის შეფასება მოიყვანა მაგალითად, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკის მთავარი პრობლემა ის არის, რომ ქვეყანაში „ინვესტორის ფული“ არ შემოდის.
რატომ არ ჩანან ახალი ინვესტორები, სად არის პრობლემა? - ჰკითხა BM.GE-მ კობახიძეს, რაზედაც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა ახალი ინვესტორების მოზიდვაზე მუდმივად მუშაობს. ის ამბობს, რომ მათ შორის ბოლო ერთი წლის განმავლობაში ინსტიტუციური ცვლილებებიც ახალი ინვესტიციების მოზიდვას ემსახურება.
„რეინვესტირების წილი პირდაპირ უცხოური ინვესტიციებში დიდია, თუმცა ასეთივე დიდი იყო მისი წილი შარშანაც. საბოლოო ჯამში თანაფარდობაა მნიშვნელოვანი. ჯამში 47%-იანი ზრდა გვაქვს ინვესტიციების, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
გეთანხმებით, რომ კიდევ უფრო მეტად არის სამუშაო ინვესტორების მოსაზიდად, რაზედაც მთავრობა აქტიურად მუშაობს. ეს ზოგიერთებს სწყინთ კიდეც, მაგალითად EMAAR-ის Eagle Hills-ს ინვესტიცია განსაკუთრებულად ეწყინათ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს და მთელი აქციებიც კი მოაწყვეს, დიდად საქართველოში tether-ის შემოსვლაც არ ესიამოვნათ და ა.შ. ჩვენ ინვესტორებთან აქტიურად ვმუშაობთ, როგორც მსხვილ - განსაკუთრებულად მსხვილ ინვესტორებთან, ისე საშუალო მასშტაბის ინვესტორებთან - ეს მუდმივი პროცესია და მე მინდა გითხრათ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამ კუთხით საქართველოს მთავრობის და კონკრეტულად ეკონომიკის სამინისტროს მუშაობა კიდევ უფრო მეტად გააქტიურებულია, მათ შორის ინსტიტუციური ცვლილებებიც ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვის საშუალებას მოგვცემს.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის იმიჯი იცვლება იმ ფონზე, რომ გვაქვს მაღალი ეკონომიკური და სტაბილური ეკონომიკური პროცესები. ინვესტორების ინტერესი ბუნებრივადაც იცვლება და ეს ყველაფერი ოპტიმისტურად განგვაწყობს ინვესტიციების შემდგომ ზრდასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ რაზედაც ირაკლი რუხაძე საუბრობს, ეს ნიშნავს, რომ რეინვესტირება გაკეთდა.
შეგახსენებთ, 2026 წლის I კვარტალში, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 271.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 47.7%-ით მეტია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ამ პერიოდში FDI-ში ნახევარზე მეტი რეინვესტირებაზე მოდიოდა.




























