მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინვესტორების ნაწილს საქართველოს საზღვრიდან უკან აბრუნებენ - რა პრობლემები ექმნებათ უცხოელ ბიზნესმენებს?

დროშა

საქართველოში მოქმედი ბიზნესგაერთიანებები, რომელთა წევრები უცხოური კომპანიები არიან, საუბრობენ ფაქტებზე, როდესაც ინვესტორებს და ბიზნესმენებს საქართველოს საზღვრიდან ყოველგვარი არგუმენტების გარეშე უკან აბრუნებენ.

როგორც გავარკვიეთ პრობლემას დიდი მასშტაბი არ აქვს, თუმცა არაერთი შემთხვევა ფიქსირდება, როცა უცხოელმა ბიზნესმენმა, რომლებსაც უკვე აქვთ განხორციელებული ინვესტიციები საქართველოში, ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლა ვერ შეძლეს.

ICC GEORGIA-ს თავმჯდომარე კომპანიებისა და ძირითადად არაბული ქვეყნების საელჩოებზე დაყრდნობით BMG-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ უცხოელებს საქართველოს საზღვრიდან ყოველგვარი დასაბუთების გარეშე აბრუნებენ.

საქართველოს საზღვარზე უცხოელი ინვესტორების შემოსვლასთან დაკავშირებით პრობლემებზე საქმის კურსშია აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატაც, თუმცა როგორც ბიზნესგაერთიანების პირველი ვიცე-პრეზიდენტი

ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, შეფერხებები არ არის მასიური, თუმცა ყაზახეთიდან, პაკისტანიდან, ინდონეზიიდან და სხვა ქვეყნებიდან ასეთი ცალკეული შემთხვევები ფიქსირდება. დავით ცირდავა ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში, ინვესტორებს, რომლებსაც საქართველოში უკვე აქვთ დაფუძნებული კომპანიები ან შეძენილი აქვთ უძრავი ქონება, სახელმწიფო უწყებები ეროვნული უსაფრთხოების მოტივით ქვეყანაში შემოსვლაზე ან ბინადრობის უფლებაზე უარს ეუბნებიან.

“გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, თუნდაც რაც ახლო აღმოსავლეთში და სპარსეთის ყურის ქვეყნებში მოვლენები ვითარდება, ბუნებრივია, სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურები უფრო მეტ სიფრთხილეს იჩენენ. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ამას არ აქვს მასიური ხასიათი, არც რაიმე სახის შერჩევითი ხასიათი, თუმცა შესაბამისი სამსახურების მხრიდან პერიოდულად არის შეფერხებები. ეს არ არის მხოლოდ არაბულ სახელმწიფოებთან მიმართებით. გასული კვირის ინფორმაციას გეტყვით, სადაც ყაზახეთიდან კომპანია, როდესაც ფრენჩაიზი აქვს ყაზახეთში და რომელსაც სურდა საქართველოში შემოსვლა, შეესწავლა საქართველო ოფისის განთავსებისთვის და ა.შ აიყვანეს ერთ-ერთი ჩვენი წევრიდან საკონსულტაციო კომპანია, მათთან კომუნიკაცია დაამყარეს და ვიზიტის დროს საქართველოს საზღვარი ვერ გადმოკვეთა.

მეორე გარემოება იყო ასეთი, რომ საუდის არაბეთიდან პაკისტანის მოქალაქე შემოვიდა, კომპანია დააფუძნა, საიჯარო ხელშეკრულებები გააფორმა, ფაქტობრივად საქმიანობა დაიწყო კომპანიამ და როდესაც მიმართა ბინადრობაზე დადგენილი წესით და ფორმით შესაბამის უწყებებს, უარი ეთქვა.

ერთი ფაქტიც და მეორე ფაქტიც იწვევს გარკვეული ბიზნესსექტორის უკმაყოფილებას. მათ თავიანთ სოციალურ ქსელში და ბიზნესწრეებში მოჰყავთ ეს მაგალითები, რომ მე დავიწყე საქმიანობა და უარი მეთქვა ბინადრობაზე, რომ მე ვაპირებდი ბიზნესსაქმიანობას და უარი მეთქვა შემოსვლაზე. გაკვირვებულები არიან, რადგან არავინ უსაბუთებს ამ გადაწყვეტილებას”,-აცხადებს დავით ცირდავა.

მსგავსი ფაქტების გათვალისწინებით, აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატა გამოდის ინიციატივით, შეიქმნას კოორდინაციის ახალი მოდელი სახელმწიფო უწყებებსა და ბიზნესგაერთიანებებს შორის, რომლის მიზანიც ე.წ „უცნობი სუბიექტების“ წინასწარი გადამოწმება და მათზე სანდო ინფორმაციის მიწოდება იქნება შესაბამისი სამსახურებისთვის, რა ფორმატიც მათი აზრით, სახელმწიფოს პოტენციური ინვესტორების უკეთ იდენტიფიცირებაში დაეხმარება და ბიუროკრატიულ ბარიერებს შეამცირებს.

“ბიზნესგაერთიანებების ან ავტორიტეტული კომპანიების მხრიდან შეიძლება საიმედოობის ხიდი შეიძლება შეიქმნას და უფრო მეტად მიეწოდოს შესაბამის უწყებას ინფორმაცია ამა თუ იმ ინვესტორთან დაკავშირებით. ვინაიდან საშუალო ბიზნესი ფაქტობრივად ერთ-ერთ ხერხემალს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისთვის. ვფიქრობ, მსგავსი შეფერხებები ნეგატიურად მოქმედებს [ქვეყნის საინვესტიციო იმიჯზე].

ჩვენ გვაქვს ასეთი ფაქტის შესახებაც ინფორმაცია, როდესაც ინდონეზიის მოქალაქემ შეიძინა უძრავი ქონება ანუ ჩამოვიდა პირი, პირდაპირი ინვესტირება განახორციელა, თუმცა შემდგომ მოხდა მისი შეფერხება საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით.

ამას ისე ვერ მივუდგებით, რომ სახელმწიფო აბრკოლებს, სახელმწიფო არ აბრკოლებს. სახელმწიფოს აქვს გარკვეული ინფორმაცია, რადგან თუ პირველად შემოვიდა ქვეყანაში, განახორციელა გარკვეული საქმიანობა და შემდგომ ეთქვა უარი შემოსვლაზე, რა შეიძლება იყოს მიზეზი, თვითონ ბიზნესმაც უნდა დაუსვან თავს კითხვები. ჩვენ ამ ქეისსაც ვსწავლობთ”,-აცხადებს დავით ცირდავა bm.ge-სთან ინტერვიუში.

როგორც იურისტები განმარტავენ, დაუდგენელია მიზეზი, რის გამო აბრუნებენ უცხო ქვეყნის ინვესტორებს საქართველოს საზღვრიდან. BLB-ის პორტფელში რამდენიმე ასეთი საქმეა, რაც კახა შარაბიძის თქმით, გასაჩივრების პროცედურას ართულებს.

"ჩვენ გვქონია შემთხვევები, როდესაც ადამიანი საქართველოში ნამყოფი იყო რამდენიმეჯერ ლეგალურად, შეიძლება ბიზნესი გაკეთებული ჰქონდა და შემდეგ შეჰქმნია პრობლემა საზღვარზე და არ შემოუშვიათ ქვეყანაში. ამ პრობლემაში ყველაზე უცნაური არის ის, რომ არ განიმარტება მიზეზი, თუ რატომ ეუბნებიან ამ ადამიანს შემოსვლაზე უარს. ჩვენი მოკვლევით, შეიძლება ამაში ჩართული იყოს სხვადასხვა უწყებები: უშიშროების სამსახური, დაზვერვის, შეიძლება უბრალოდ საზღვრის კონტროლის, სავიზო რეჟიმის დარღვევის კონტექსტით. მაგრამ პრობლემა ეს არის, რომ ვერ ვადგენთ ამ უარის მიზეზს და როგორც მივხვდი არც აქვთ ვალდებულება სახელმწიფო უწყებას, განგიმარტონ, თუ რის გამო გეუბნებიან უარს.

ეს, რა თქმა უნდა, ართულებს გასაჩივრების პროცედურას. მე ამას შევადარებდი ღამის კლუბში რომ "ფეისკონტროლი" ვერ გაიარა ადამიანმა და რომ არ გიხსნიან, რატომ არ გიშვებენ შიგნით. დაახლოებით ამ ტიპის ურთიერთობას შევადარებდი: გეუბნებიან „არას“, ცდილობ გაარკვიო, თუ რატომ გითხრეს უარი. სამწუხაროდ, ჩვენს შემთხვევაში ვცადეთ გაგვერკვია, მაგრამ ვერ გავარღვიეთ ეს კედელი და მიზეზიც კი ვერ გავიგეთ თუ რის გამო ეთქვა უარი.

ამ შემთხვევაში ეს ართულებს გასაჩივრების პროცედურას და თითქმის დაუცველს ხდის ამ პირს, იმიტომ რომ მას არგუმენტირებული საჩივრის წარდგენაც კი არ შეუძლია, იმიტომ რომ არ იცის, რა შეედავოს და რა გარემოებების უარყოფა ან რა გარემოებების დასაბუთება სცადოს",-აცხადებს კახა შარაბიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები