„ყველას ვურჩევდი განცხადებების ნაცვლად ყურადღება მიაქციონ ფაქტებს“ - ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე სპიკერმა ნინო წილოსანმა BM.GE-ის კითხვას, რომელიც ინვესტორების განწყობებს და ანტი დასავლური კანონების მიღებით ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას უკავშირდებოდა.
შიდა სტაბილურობა და გარე რისკებისგან ქვეყნის დაცვა - ნინო წილოსანის შეფასებით, ეს მთავარი გზავნილებია ინვესტორებისთვის, რომ მათი და სხვა დაინტერესებული ადამიანის უფლებები და მათი მონაწილეობა ეკონომიკაში იქნება დაცული.
„ფაქტი არის ის, რომ საქართველო არის კანდიდატის სტატუსის მატარებელი ქვეყანა, საქართველომ გადადგა ის ყველა მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას უკავშირდება. საქართველო აგრძელებს, მათ შორის ჩვენი პოლიტიკური გუნდის გაცხადებული პოზიციაა ევროინტეგრაცია ჩვენი პირობებით და იმ ღირსეული პირობებით, რომელსაც იმსახურებს ქართველი ხალხი.
რაც შეეხება საინვესტიციო გარემოს, გარწმუნებთ, რომ საინვესტიციო გარემოზე არაფერი ისე არ მოქმედებს, როგორც სტაბილურობა, მათ შორის ქვეყნის შიდა სტაბილურობა. ასევე იმ გარე ფაქტორების და გარე რისკებისგან ქვეყნის დაცვა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით მკაფიოდ იყო ნათელი. ეს არის საომარი რისკები, რომელიც ავარიდეთ ამ ქვეყანას თავიდან.
რა თქმა უნდა, ინვესტორებისთვის ეს არის ნომერ პირველი გზავნილი ქვეყნის შიგნიდან, რომ ამ ქვეყანაში კანონის უზენაესობა არსებობს, მათ შორის პარლამენტის დღევანდელი შეკრებაც კანონის უზენაესობის წინაპირობაა და თავისთავად ინვესტორების, ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანის უფლებები და მათი მონაწილეობა ამ ქვეყნის ეკონომიკაში იქნება დაცული.
ყოველ ჯერზე ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობენ დააზიანონ ლარის კურსი, ეკონომიკა, მოლოდინები, განწყობები ოპოზიციის წარმომადგენლებმა, მაგრამ ყველა ჯერზე სახელმწიფო უმკლავდება ამ შემოტევებს. შიდა მტრები რომ არ ჰყავდეს ამ ქვეყანას, გაცილებით უკეთესად იქნებოდა ყველაფერი“,-განაცხადა ნინო წილოსანმა.