მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტორი აცხადებს, რომ მომავალი წლის ალბათ შუა პერიოდში მზად იქნება სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად - ქვრივიშვილი Eagle Hills-ზე

მარიამ ქვრივიშვილი

"ქართული ოცნების" ეკონომიკის მინისტრი რუსთავი 2-თან ინტერვიუში ამბობს, რომ Eagle Hills-გან აქვთ ინფორმაცია, რომ 2026 წლის შუა პერიოდში სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებენ.

"პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ პროექტი საკმაოდ კომპლექსურია. ინვესტორი აცხადებს, რომ რამდენიმე თვეში მზად იქნება, რომ მომავალი წლის ალბათ შუა პერიოდში უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები დაიწყოს. აქვე, ცალსახად უნდა ითქვას, რომ ამ პროექტს ეკუთვნის, გაიაროს ყველა ის პროცედურა, რომელიც სტანდარტულ დეველოპერულ თუ ახალი დასახლების პროექტს ეკუთვნის, მათ შორის, განაშენიანების გეგმის შეთანხმება, ისევე, როგორც სამშენებლო ნებართვის გაცემა.

პროექტი სრულად შეთანხმდება სახელმწიფოსთან. აქვე უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო, როგორც მეწილე, თავის კონკრეტული ბერკეტებით კომპანიის მართვის ფუნქციებში შედის, თუმცა აქ ჩვენი როლები ძალიან გაყოფილია. სახელმწიფო, ცხადია, არ შედის ბიზნესის მართვის ნაწილში. ინვესტორი სრულად იღებს ვალდებულებას იმასთან დაკავშირებით, რომ თავად უზრუნველყოს პროექტის განხორციელება, ფინანსები და ა.შ. სახელმწიფომ კი უზრუნველყო მიწები", - განაცხადა ქვრივიშვილმა.

დეველოპერული კომპანია EAGLE HILLS-ი საქართველოში, კერძოდ, თბილისსა და გონიოში $6,5 მილიარდზე მეტი ღირებულების ორ პროექტს განახორციელებს. გაფორმებული შეთანხმების თანახმად, საქართველო პროექტების პარტნიორი და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრეა.

„ქართული ოცნების“ მთავრობამ EAGLE HILLS-თან გაფორმებული „საინვესტიციო ხელშეკრულება“ და „აქციონერთა შეთანხმება“ კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ უძრავი ქონების სექტორში $6.6-მილიარდიანი პროექტის ინვესტორთან დადებული საინვესტიციო პირობების დეტალები საჯარო არ იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები