Christie’s-ის საერთაშორისო აუქციონზე ქართული ხელნაწერია გამოტანილი, რომლის ღირებულებაც, წინასწარი შეფასებით, £1,000,000-დან £1,500,000-მდე მერყეობს.
უძველესი ხელნაწერის ქვედა ფენა V-VII საუკუნით თარიღდება, მისი ზედა ფენა კი 979 წელს იოანე ზოსიმეს მიერაა ხელმოწერილი. ტექსტი სინაის მთის (ეგვიპტე) კოდექსს (პალიმფსესტს) წარმოადგენს არამეულ და ქართულ ენაზე.
“ქრისტიანული პალესტინის, არამეულ ენაზე დაწერილი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფრაგმენტი, რომელიც აუქციონზე ოდესმე გამოუტანიათ. ხელნაწერი დაწერილია დასავლეთ არამეულ დიალექტზე, რომელსაც იყენებდა მელქის ქრისტიანული საზოგადოება პალესტინასა და ტრანსიორდანიაში, V-XIII საუკუნეებში და შემონახულია მხოლოდ რამდენიმე წარწერაში, პალიმფსესტში და ხელნაწერში.
პალიმფსესტი გადაწერილია ქართული ტექსტით ცნობილი კალიგრაფის, ავტორის, მთარგმნელისა და წიგნის შემკვრელის, ბერი იოანე ზოსიმეს მიერ”, - ნათქვამია ხელნაწერის აღწერაში.
ხელნაწერი აუქციონზე კოლექციონერი მარტინ შოენის პირადი კოლექციიდან იქნება გამოტანილი.
აუქციონზე ბიდების განთავსება დღეს, 11 ივნისს, ჩვენი დროით 17:00 საათიდან დაიწყება.
Christie’s აუქციონს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, მათ შორის ლონდონში, ნიუ-იორკში, პარიზში, ჰონგ-კონგში, მილანში, ამსტერდამში, ჟენევაში, შანხაისა და დუბაიში ატარებს.