მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იორდანესთან სანათლავის და ქართული კულტურის ცენტრის პროექტირებაზე უკვე ₾1.4 მილიონი დაიხარჯა

641ae56176f3b
BM.GE
03.11.23 00:10
580

მდინარე იორდანეს სანაპიროსთან სანათლავის და ქართული კულტურის ცენტრის პროექტირებაზე წელს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1.4 მილიონი ლარი დაიხარჯა - ამის შესახებ ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიშიდან ხდება ცნობილი. ამავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ კულტურის ცენტრის პროექტირებისთვის მთავრობამ ცნობილი იორდანიელი არქიტექტორის, იუსუფ მადანატის სტუდია დაიქირავა.

დოკუმენტში აღნიშნულია:

იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, მდინარე იორდანეზე, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ კულტურის ცენტრის დაარსებასა და მშენებლობასთან დაკავშირებული საპროექტო სამუშაოების დასაფინანსებლად - 1 012 000 ლარი;

იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს საელჩოს მიერ არქიტექტურულ-საკონსულტაციო ფირმისგან „Yousef Madanat Architeqture Studio“ მომსახურების შესყიდვის დასაფინანსებლად - 379 822 ლარი.

მთავრობამ პროექტის განხორციელებისთვის სპეციალური კომისია შექმნა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს. კომისიის შემადგენლობაში შედიან ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს საკუთრებაში არსებული 4000 კვადრატული მეტრი მიწა მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, მდინარე იორდანესთან 15-20 მეტრის მანძილზეა. საქართველოსთვის მიწის გადმოცემის ღონისძიებაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პრინც ღაზისთან ერთად, 2022 წლის გაზაფხულზე მიიღო მონაწილეობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები