საქართველოს პროკურატურამ, ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე, სამშენებლო კომპანიის დირექტორს და ამავე კომპანიის დირექტორის უფლებამოსილების მქონე პირს ბრალდება წარუდგინა.
კერძოდ, პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ სამშენებლო კომპანიის - შპს „დიღომი თაუერის“ დირექტორმა და ამავე კომპანიის დირექტორის უფლებამოსილების მქონე პირმა კომპანიას სახელწოდება შპს „თიმ დეველოპმენტით“ შეუცვალეს და განვადებით ან ნასყიდობით შეძენის ხელშეკრულების საფუძველზე, მოქალაქეებზე ყიდდნენ სოფელ დიღომში, ოთხი ათასი მესხის ქუჩაზე მდებარე მშენებარე კორპუსში საცხოვრებელ ბინებს. რეალურად კი აღნიშნული ფართები უკვე სხვა პირებზე იყო იპოთეკით დატვირთული, ან გაყიდული, ზოგ შემთხვევაში კი კორპუსი საერთოდ არ აშენდა. ამ გზით ბრალდებულები 73 დაზარალებულის კუთვნილ, ჯამში 4 163 620 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ.
საგამოძიებო უწყების თანახმად, სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული 12 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება არაერთგზის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტებზე წარედგინათ.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება ბრალდებულების მიერ შესაძლო ჩადენილ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებზე.