“თეთრი კვადრატის” მმართველი პარტნიორი, ირაკლი ბურდილაძე აცხადებს, რომ იპოთეკური დაკრედიტების რეგულაციების გამარტივება სწორი ნაბიჯი იყო.
როგორც ბურდილაძემ BMG-ის განუცხადა, გამკაცრებული რეგულაციების პირობებში, მკვეთრად გააქტიურებული იყო დეველოპერული კომპანიების შიდა განვადებები, რაც სექტორისთვის ნაკლებად სასურველია.
მისი შეფასებით, სექტორის სიჯანსაღისთვის კარგი იქნება, თუ იპოთეკური დაკრედიტების რეგულაციების შერბილება მომავალშიც გაგრძელდება.
„პანდემიამდე რამდენიმე წლით ადრე ხდებოდა იპოთეკური დაკრედიტების რეგულაციების გამკაცრება. ეს ერთი მხრივ, კარგია. მაგრამ ამისი მინუსი ისაა, რომ გამკაცრება იწვევს იმას, რომ იპოთეკური დაკრედიტება შემდეგ დეველოპერულ სექტორში გადადის, რაც მაინცდამაინც კარგი არ არის, რადგან ბანკი უფრო პროფესიონალურად სწავლობს კლიენტის ისტორიას. ამიტომ „პური მეპურემ უნდა გამოაცხოს“.
შარშან იპოთეკური დაკრედიტების გამარტივების მიმართულებით რა ნაბიჯებიც გადაიდგა, მისასალმებელია. შემცირდა თანამონაწილეობის მოთხოვნა 20%-დან 10%-მდე. ასევე, იპოთეკური სესხის თანხის გამოსაყენებლად აღარ არის საჭირო პროექტი იყოს სრულად დასრულებული, საკმარისია ხარჯების 60% იყოს გაწეული, რომ დეველოპერმა „გაყინული“ თანხები გამოიყენოს მიზნობრივად მშენებლობის დასამთავრებლად. კიდევ თუ გაგრძელდება ამ მიმართულებით მუშაობა და კიდევ გამარტივდება იპოთეკური დაკრედიტების რეგულაცია, ეს ჩვენს სექტორს ძალიან წაადგება და გააჯანსაღებს მას“, - განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ.
ცნობისთვის, 2025 წლის ბოლოს ეროვნულმა ბანკმა უძრავი ქონების სექტორში საკრედიტო წესები გაამარტივა, რაც დეველოპერების შიდა განვადებების პრაქტიკის შემცირებას და იპოთეკური სესხების ხელმისაწვდომობის ზრდას ისახავს მიზნად. სებ-ში აცხადებენ, რომ ცვლილებები პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სტანდარტებს გააძლიერებს და მომხმარებელთა უფლებებს უკეთ დაიცავს.




























