საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, ქართული ბანკების მიერ გაცემული იპოთეკური კრედიტების პორტფელი ₾12 მილიარდს აღწევს. აქედან 90 დღეზე მეტად ვადაგადაცილებულია ₾96 მილიონის სესხები, რაც მთლიანი პორტფელის 0.8%-ია.
შედარებისთვის, წინა წელთან მიმართებით ვადაგადაცილების მაჩვენებელი 0.04 პპ-ით არის შემცირებული. ეს მთლიანად საცალო სეგმენტის კრედიტების ვადაგადაცილების საშუალო მაჩვენებელზე - 1.1%-ზე დაბალია.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში იპოთეკური კრედიტების პორტფელი 1.3 მილიარდი ლარით გაიზარდა, რაც 12%-იან მატებას შეადგენს.
სებ-ის თანახმად, 2025 წლის იანვრის მდგომარეობით ლარის იპოთეკური სესხების განაკვეთი 11.79%-ია, რაც წლიურად 0.43 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.
Colliers Georgia-ს მიერ საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის შეფასების თანახმად, თბილისში 2025 წლის იანვარში სულ 2,892 ტრანზაქცია აღირიცხა, რაც წლიურად 7.5%-ით არის შემცირებული. თუმცა, რეალიზებული უძრავი ქონების ღირებულება 208 მილიონი დოლარი იყო, რაც წლიურად 2.9%-ით არის გაზრდილი, რაც თავის მხრივ უძრავი ქონების გაძვირებას უკავშირდება.
26 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა იპოთეკების დაბალი ზრდის გამო, რეგულაციები გაამარტივა. იპოთეკურ სესხში შესაძლებელი ხდება პირველადი შენატანი იყოს ბინის ღირებულების 10%, ხოლო 90% კი კრედიტი, ნაცვლად აქამდე მოქმედი წესისა, რომელიც განსაზღვრავდა რომ მომხმარებელი ბინის შესაძენად დებდა 15%-ს, ხოლო ბინის ღირებულების 85%-ს ბანკისგან იღებდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით ეს ზომა მხოლოდ დროებით იმოქმედებს, თუმცა ამ დროისთვის უცნობია თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ის.
ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსის დავით უტიაშვილის განცხადებით, 2025 წლის იანვარში იპოთეკური დაკრედიტების ტემპი წლიურ 10%-ზე დაბლა ჩამოვიდა, რის საპასუხოდაც ეროვნულმა ბანკმა რეგულაციის შერბილება გადაწყვიტა. დავით უტიაშვილის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება იპოთეკურ დაკრედიტებას წაახალისებს.




























