მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იპოთეკური სესხის აღების გამარტივებული წესი ძალაშია

საქსტატი

საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას ბრძანება, რომელიც ქვეყანაში იპოთეკის გაცემას ამარტივებს. იპოთეკის აღების გამარტივებული წესი ძალაში 27 თებერვლიდან შევიდა.

შესაბამისი გადაწყვეტილება სებ-მა ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომაზე 26 თებერვალს მიიღო და ის იპოთეკური დაკრედიტების წახალისებას ისახავს მიზნად. მის შედეგად სესხში შესაძლებელი ხდება პირველადი შენატანი იყოს ბინის ღირებულების 10%, ხოლო 90% კი კრედიტი, ნაცვლად აქამდე მოქმედი წესისა, რომელიც განსაზღვრავდა რომ მომხმარებელი ბინის შესაძენად დებდა 15%-ს, ხოლო ბინის ღირებულების 85%-ს ბანკისგან იღებდა.

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსის დავით უტიაშვილის განცხადებით, 2025 წლის იანვარში იპოთეკური დაკრედიტების ტემპი წლიურ 10%-ზე დაბლა ჩამოვიდა, რის საპასუხოდაც ეროვნულმა ბანკმა რეგულაციის შერბილება გადაწყვიტა. დავით უტიაშვილის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება იპოთეკურ დაკრედიტებას წაახალისებს.

კიდევ ერთი ცვლილებით ასევე მარტივდება ბინების შეძენა ემიგრანტებისთვის, რადგანაც უცხოეთში მიღებული შემოსავლების დადასტურებით გაცემულ იპოთეკებში მინიმალური შენატანი 30%-დან ნაცვლად, 20%-მდე მცირდება.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის იანვარში ქართულმა ბანკებმა სულ 246 მილიონი ლარის იპოთეკური სესხები გასცეს, რაც წინა წელთან შედარებით მხოლოდ 4 მილიონი ლარით ანუ 2%-ით მეტია. რაც შეეხება ხელშეკრულებების რაოდენობას, იანვარში გაცემული იპოთეკების რაოდენობა მხოლოდ 3 ათასი იყო, შედარებისთვის 2024 წლის იანვარში გაცემული იპოთეკური კრედიტების რაოდენობა 3.3 ათასი იყო.

სებ-ის თანახმად, 2025 წლის იანვრის მდგომარეობით ლარის იპოთეკური სესხების განაკვეთი 11.79%-ია, რაც წლიურად 0.43 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

Colliers Georgia-ს მიერ საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის შეფასების თანახმად, თბილისში 2025 წლის იანვარში სულ 2,892 ტრანზაქცია აღირიცხა, რაც წლიურად 7.5%-ით არის შემცირებული. თუმცა, რეალიზებული უძრავი ქონების ღირებულება 208 მილიონი დოლარი იყო, რაც წლიურად 2.9%-ით არის გაზრდილი, რაც თავის მხრივ უძრავი ქონების გაძვირებას უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები