ეროვნულმა ბანკმა უძრავი ქონების ბაზრის წახალისებისთვის იპოთეკის დაკრედიტების რეგულაციები გაამარტივა. კერძოდ, იპოთეკურ სესხში შესაძლებელი ხდება პირველადი შენატანი იყოს ბინის ღირებულების 10%, ხოლო 90% კი კრედიტი, ნაცვლად აქამდე მოქმედი წესისა, რომელიც განსაზღვრავდა რომ მომხმარებელი ბინის შესაძენად დებდა 15%-ს, ხოლო ბინის ღირებულების 85%-ს ბანკისგან იღებდა.
უძრავი ქონების სექტორის წარმომადგენლების ნაწილის შეფასებით, დაკრედიტების რეგულაციის შემსუბუქებას ბაზარზე დადებითი გავლენა ექნება, თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ამ მექანიზმმა ბინების გაყიდვები მნიშვნელოვნად გაზარდოს.
როგორც BMG-ის "არსის" გენერალურმა დირექტორმა განუცხადა, რეგულაციის გამარტივება, რიგ შემთხვევებში მომხმარებლისთვის იპოთეკური სესხის აღებას გაამარტივებს, თუმცა სავარაუდოდ, ბინების გაყიდვების მხრივ მნიშვნელოვანი ეფექტი არ ექნება.
"უნდა დავაკვირდეთ, რა გავლენას მოახდენს ბაზარზე ამ რეგულაციის შემსუბუქება, რადგან დღეს სტანდარტულ სიტუაციაში არ ვართ. ისედაც გაზრდილია იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები, ასევე უძრავ ქონებაზე მოთხოვნა შემცირებულია. ამ პირობებში, მნიშვნელოვანია, რამდენად არის ამ რეგულაციის შემსუბუქება ამ ვითარების საპირწონე. უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა და აქტივობა შემცირებულია, თუმცა არა დრამატულად. ეს ისეთი მკვეთრი შემცირებაა არაა, რომ ღრმა კრიზისი იყოს სექტორში, რყევები არის, მაგრამ კრიზისული სიტუაციაა არაა.
იპოთეკურ სესხებზე რეგულაციის შემსუბუქება, რა თქმა უნდა, პროცედურებს გაამარტივებს. თუმცა ეს ისეთი მექანიზმი არაა როგორიც მაგალითად, პანდემიის დროს სუბსიდირების პროგრამა იყო და სუბსიდიის გამო ადამიანებმა უძრავი ქონება იყიდეს. ეს ისეთი მექანიზმი არაა, რომ ამის გამო უძრავი ქონება იყიდო და იპოთეკური სესხი აიღო. უბრალოდ პროცესს გაამარტივებს, თუ 10-დან 1 შემთხვევაში მომხმარებელი ამ რეგულაციებში არ ჯდებოდა, ახლა ჩაჯდება და ისიც აიღებს იპოთეკურ სესხს. შესაბამისად, იპოთეკურ სესხების გაცემა გაიზრდება. თუმცა ამ რეგულაციის შემსუბუქების გამო ვინმემ უძრავი ქონება რომ იყიდოს, ეს ასე არაა", - განაცხადა ბესო ორთოიძემ.