ლევან იოსელიანი სახალხო დამცველობის ღირსეული კანდიდატია, ვფიქრობ, რომ ჩვენი მხარდაჭერა მის მიმართ უზრუნველყოფილი იქნება-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უმრავლესობას თავიდანვე ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ სახალხო დამცველის პოსტზე თავის კანდიდატურას არ წამოაყენებდა და მხარს იმ კანდიდატს დაუჭერდა, რომელზეც ოპოზიცია შეთანხმდებოდა.
„ჩვენ, უმრავლესობამ თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ არ წამოვაყენებდით ჩვენს კანდიდატურას და იმ კანდიდატს დავუჭერდით მხარს, რომელზეც ოპოზიცია შეთანხმდებოდა. მე ვფიქრობ, ბატონი ლევან იოსელიანის კანდიდატურა ჩვენთვის არის აბსოლუტურად მისაღები, იგი არის ღირსეული კანდიდატი, მე ასე ვიტყოდი. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ამას პარლამენტი და უმრავლესობა გადაწყვეტს. ვფიქრობ, რომ ჩვენი მხარდაჭერა მის მიმართ უზრუნველყოფილი იქნება. ეს არის ჩემი მოსაზრება და ვიცი რა, უმრავლესობის აზრი, გიზიარებთ ჩემს მოსაზრებასაც“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.