საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კულტურისა და სპორტის სასწავლო ობიექტებში დასაქმებულ პირთა შრომითი უფლებები შეისწავლა და დაადგინა, რომ შესწავლილი 39 ობიექტიდან, კულტურის 30, და სპორტის 2 დაწესებულებაში, დასაქმებული პედაგოგებისა და მწვრთნელების შრომითი უფლებები ირღვევა.
კერძოდ, ხელოვნების ერთ-ერთ სკოლაში დასაქმებული მუსიკის პედაგოგის განცხადების საფუძველზე, რომლის თანახმადაც ის 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა კონკრეტულ დაწესებულებაში, წლების განმავლობაში ვერ სარგებლობდა ანაზღაურებადი შვებულების უფლებით, სახალხო დამცველმა შეისწავლა კულტურისა და სპორტის ობიექტებში დასაქმებული პირების შრომითი უფლებების დაცვის ტენდენციები.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, ომბუდსმენმა დაადგინა, რომ 33 ხელოვნების სკოლიდან 29 მათგანში, ერთ ხელოვნების კოლეჯში და, 6 სპორტული დაწესებულებიდან, 2 ობიექტზე დასაქმებულ 918 პედაგოგს/მწვრთნელს ბოლო 10 წლის განმავლობაში არ უსარგებლია ანაზღაურებადი შვებულებით, ვინაიდან მათთან ყოველ წელს შრომითი ხელშეკრულება იდება 10 თვის ვადით.
ამასთან, სპორტულმა დაწესებულებებმა მიუთითეს, რომ ვინაიდან მწვრთნელების ანაზღაურება ბენეფიციარების რაოდენობაზეა დამოკიდებული, დასაქმებულთა ინტერესში არ შედის შვებულებით სარგებლობა და ისინი შვებულებით (ანაზღაურების გარეშე) მაშინ სარგებლობენ, როდესაც დაწესებულება არ ფუნქციონირებს (ყოველი წლის აგვისტოს თვეში).
სახალხო დამცველი თბილისის მერის, კახა კალაძის სახელზე დაწერილ განცხადებაში განმარტავს, რომ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ დაწესებულებებში დასაქმებულ პედაგოგებსა და მწვრთნელებს ხელშეკრულებები 1 წელზე ნაკლები ვადით გაფორმებას გაამართლებდა.
“განსახილველი საქმის შესწავლისას დადგინდა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ კულტურის და სპორტის დაწესებულებებში პედაგოგების/მწვრთნელების მიერ შესასრულებელი სამუშაო დაწესებულებების ძირითადი ფუნქციების შესრულებას ემსახურება და დამსაქმებელი დაწესებულებები ერთი და იმავე პირებთან საშუალოდ 15 წელია 10 თვის ვადით დებენ შრომითი ხელშეკრულებებს. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ არ არსებობს ის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები რაც განსახილველ შემთხვევაში პედაგოგებთან/მწვრთნელებთან 1 წელზე ნაკლები ვადით შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას გაამართლებდა. სახალხო დამცველს სურს ხაზგასმით აღნიშნოს, რომ შრომითი ხელშეკრულების ამგვარი დებულებებით დაუსაბუთებლად იზღუდება დასაქმებულთა კონსტიტუციური უფლება და ქმნის მისი ბათილობის საფუძვლებს. პედაგოგებს და მწვრთნელებს კანონშეუსაბამოდ ეზღუდებათ ანაზღაურებადი შვებულების უფლებით სარგებლობა, ასევე ეზღუდებათ უფლება შეინარჩუნონ სამუშაო ადგილი და დაცული იყვნენ დაუსაბუთებელი და უკანონო გათავისუფლებისგან, ვინაიდან 10 თვის ვადით დასაქმებულთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება დამსაქმებელს აძლევს ფორმალურ საფუძველს მხოლოდ ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით შეწყვიტოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა”, - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
გარდა ამისა, განცხადებაში განხილულია გარემოებაც, რომლის თანახმადაც კულტურის და სპორტის დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა 83% (780 დასაქმებული) ქალია. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დაკვეთით, 2022 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, იმ სექტორში სადაც მაღალია ქალების პროპორციული შემადგენლობა, უფრო დაბალია იმავე სექტორის საშუალო ანაზღაურება.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ კულტურისა და სპორტის დაწესებულებებში დასაქმებულ პედაგოგებთან და მწვრთნელებთან შრომითი ხელშეკრულებები დაუყოვნებლივ მოიყვანონ საქართველოს შრომის კოდექსთან შესაბამისობაში.
“მოგმართავთ წინადადებით, შეიტანოთ ცვლილებები პედაგოგებთან/მწვრთნელებთან გაფორმებულ შრომითი ხელშეკრულებების იმ პუნქტებში, რომლის თანახმად შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა 1 წელზე ნაკლებია და დასაქმებულთა შრომითი უფლების აღდგენის მიზნით, შრომითი ხელშეკრულებები შესაბამისობაში მოიყვანოთ საქართველოს ორგანულ კანონთან - შრომის კოდექსთან”, - წერს ლევან იოსელიანი განცხადებაში.
BM.GE კომენტარისთვის თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა და მათ პოზიციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.