მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში IMF-ის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

609cf24b274da
შოთა ტყეშელაშვილი
13.05.21 13:37
599
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენლს სელიმ ჩაკირს შეხვდა.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი პანდემიის გამო შექმნილ ვითარებას შეეხო. ირაკლი ღარიბაშვილმა სელიმ ჩაკირს კრიზისული პერიოდის დაძლევის პროცესში IMF-ის მიერ გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა, რომ ქვეყანაში უკვე მიმდინარეობს ვაქცინაცია და ეკონომიკამ გამოცოცხლება დაიწყო, რაზეც პირველი კვარტლის მაჩვენებლებიც მიუთითებს და 2021 წლის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით პოზიტიური პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა.

"ყურადღება დაეთმო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან წარმატებით დასრულებულ ოთხწლიან გაფართოებულ პროგრამას. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც მთავრობის ეკონომიკურ გუნდს კრიზისის დაძლევის სტრატეგიის მომზადებასა და განხორციელებაში დაეხმარა.

მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ პანდემიის მიუხედავად, მთავრობამ არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გაატარა, მათ შორის პენსიების ინდექსაცია და დღგ-ის დაბრუნების ავტომატიზირებული სისტემა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა გაგრძელდება.

შეხვედრისას, ასევე ისაუბრეს ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის შესახებ, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით მუშავდება. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა გეგმის განხორციელებაში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და განვითარების პარტნიორების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას", - ნათქვამია მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

საინტერესოა, რომ აღნიშნულ პრეს-რელიზში მთავრობის პრესსამსახურმა არ მიუთითა შეეხო თუ არა მხარეებს შორის შეხვედრაზე საუბარი IMF-თან ახალი პროგრამის დაწყების საკითხს. 

სავალუტო ფონდთან არსებული წინა პროგრამა, რომელიც 4 წელი გაგრძელდა, 7 აპრილს დასრულდა. პროგრამის ბოლო, მერვე მიმოხილვის დასრულებასთან ერთად, საქართველოსთვის დამატებით $111 მილიონი დოლარის რესურსი გახდა ხელმისაწვდომი.

მიმდინარე წელს სავალუტო ფონდი საქართველოში 3.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ჯერჯერობით, უცნობია დაიწყება თუ არა ახალი პროგრამა და რა რეფორმების განხორციელების ვალდებულებას აიღებს საქართველოს მთავრობა. წინა პროგრამების ფარგლებში IMF საქართველოს მიერ სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების პროცესის დაწყებას ანიჭებდა განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები