მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოკლევადიანი ეფექტი საქართველოს ეკონომიკისთვის, სავარაუდოდ, ნეგატიური იქნება"|ინტერვიუ

ნიკა ზურაბიშვილი

თიბისი ჯგუფის უფროსი ეკონომისტის ნიკოლოზ ზურაბიშვილის შეფასებით, რეგიონული კონფლიქტების ფონზე საქართველოს ეკონომიკა გამოწვევების წინაშე დგას. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ინსტიტუტების ნაწილი, მაგალითად, IMF ომის დასრულებისგან მხოლოდ პოზიტიურ დინამიკას ელის, TBC Capital-ის პროგნოზით, საწყის ეტაპზე შემოდინებების შემცირება ეკონომიკურ აქტივობაზე იმოქმედებს.

„ჩვენი შეფასებით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების წმინდა მოკლევადიანი ეფექტი მცირედით, მაგრამ მაინც ნეგატიური იქნება, რადგან ომის შემდგომი შემოდინებების ნაწილობრივ შემოტრიალებამ, შესაძლოა, დროებით გადაწონოს პოზიტიური ფაქტორები. თუმცა გრძელვადიან პერიოდში ეს ცალსახად დადებითი მოვლენაა ქვეყნისთვის”, - განაცხადა მან “წერტილთან” ინტერვიუში.

თიბისი ჯგუფის უფროსი ეკონომისტის აზრით, ქვეყნის გრძელვადიანი და მდგრადი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად (მინიმუმ 5%-იან ნიშნულზე), მნიშვნელოვანია ეკონომიკის სტრუქტურული ტრანსფორმაცია - მოხმარებაზე ორიენტირებული მოდელიდან ინვესტიციებსა და ადამიანური კაპიტალის (განათლების სისტემის) განვითარებაზე დაფუძნებულ ეკონომიკურ პოლიტიკაზე გადასვლა.

- რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოსთვის ე.წ. “დადებითი შოკი” აღმოჩნდა. “თიბისი კაპიტალის” მაკროეკონომიკური მიმოხილვის თანახმადაც, ჩვენი ეკონომიკა ვერც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა დააზიანა - პირიქით. იქნება თუ არა რეგიონული კონფლიქტების დასრულდება რისკი საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპისთვის?

- ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკურად საერთოდ არ დავუზარალებივართ. მართალია, ტურიზმის სექტორისთვის იყო დანაკლისი, მაგრამ გაზრდილმა ექსპორტმა დააკომპენსირა, რაც ძირითადად ნავთობის რეექსპორტს უკავშირდება. ჯამში, სავალუტო შემოდინებები უფრო მაღალია, ვიდრე ომის გარეშე სცენარში იქნებოდა, თუმცა თუ ახლო აღმოსავლეთში მატერიალური ესკალაცია მოხდა და, პირობითად, ნავთობი 200 დოლარამდე გაძვირდა, რაც ნაკლებად რეალისტურია, უარყოფითი ეფექტები დადებითს გადაწონის. ეს რისკი ნამდვილად არსებობს.

- [რუსეთ-უკრაინის] ომის დასრულების სცენარითაც საქართველოს მყარი ეკონომიკური ზრდა გაგრძელდება - ასეთია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოლოდინი. იზიარებთ IMF-ის პროგნოზს?

- ჩვენი შეფასებით, მოკლევადიანი ეფექტი მაინც ნეგატიური იქნება, თუმცა ეს ბაზრის კონსენსუსი არ არის…

- რატომ - რას დავკარგავთ, პირველ რიგში?

- ომის შემდგომ შემოდინებებს საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე დიდი ეფექტი ჰქონდა, რაც საქართველოსა და სომხეთის ზრდის დინამიკის შედარებითაც ჩანს - ორივე ქვეყანამ მსგავსი ბუსტი მიიღო. თუ ამ შემოდინებების ნაწილი შემოტრიალდა (რა თქმა უნდა, ყველა მიგრანტი ან სატრანზიტო შემოსავალი ერთბაშად არ გაქრება), ჯამში, მოკლევადიანი წმინდა ეფექტი შესაძლოა ნეგატიური იყოს; თუმცა გარდაუვალია პოზიტიური ფაქტორებიც: შემცირდება რეგიონული რისკის პრემია, საპროცენტო განაკვეთები და დაიწყება ევროს გამყარება, რაც ლარისთვის ისტორიულად დადებითია. გრძელვადიან პერიოდში ომის დასრულება ცალსახად პოზიტიურია საქართველოსთვის - რეგიონული ომი გრძელვადიანად ვერ იქნება დადებითი მოვლენა. მოკლევადიანი ბუსტის ნაწილი შესაძლოა წაიღოს, მაგრამ გრძელვადიანად ეფექტი დადებითია. ჩვენი შარშანდელი კვლევით, მიგრანტების 67% ამბობდა, რომ ხანგრძლივად აპირებს დარჩენას. ეს შესაძლოა, ზედმეტად ოპტიმისტური იყოს, მაგრამ 30-35%-იც რომ დარჩეს, 2022 წლის შემდეგ მიღებული ნამატის ნაწილს მაინც შეინარჩუნებს ეკონომიკა. შემოდინებების სრული გაქრობა ჩვენი საბაზო სცენარი არ არის.

- საგარეო ფაქტორები რომ გვერდზე გადავდოთ, რა შიდა რეფორმები და ეკონომიკური პოლიტიკაა საჭირო იმისათვის, რომ ქვეყანამ პოტენციური 5%-იანი ზრდის ტემპი შეინარჩუნოს და მდგრადი განვითარება უზრუნველყოს?

- 5%-იანი (ან უფრო მაღალი) პოტენციური ზრდა რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესოა და ხელწამოსაკრავი არ არის. უფრო მაღალი ზრდისთვის გვჭირდება მდგრადი “დრაივერები”. ბოლო პერიოდში ზრდა ძირითადად მოხმარებით არის განპირობებული, უკეთესი კი იქნებოდა ინვესტიციების წილი გაიზარდოს. გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებელია განათლების უფრო ძლიერი სისტემა, რომ გაიზარდოს ჩვენი კონკურენტუნარიანობა ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც (იგივე IT სექტორში). ასევე გადამწყვეტია ძლიერი ინსტიტუტები და წესებზე დაფუძნებული სისტემა.

- ინვესტიციები რატომ “გაგვირბიან”?

- არა, ინვესტორები არ გაგვირბიან. პირიქით, არარეზიდენტების დაინტერესება საქართველოს მთავრობის ფასიან ქაღალდებზე მაღალია...

- დიახ, თუმცა ეკონომიკური ზრდის “დრაივერი” ინვესტიციები არ არის - ეს ვიგულისხმე…

- დიახ, ინვესტიციები იზრდება, უბრალოდ მოხმარება უფრო სწრაფად იზრდება. ინვესტიციები კიდევ უფრო მეტად რომ იზრდებოდეს, ეკონომიკური ზრდაც უფრო მდგრადი გახდებოდა.

- საქართველოს ეკონომიკის ყველაზე სუსტი წერტილი რა არის?

- გამოწვევა ბევრია, მაგრამ ვფიქრობ, გამოწვევაა ეკონომიკურ ანალიზში მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებისა და ანალიზის შედარებითი სიმცირე.





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები