საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს ალან ბერსეს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას.
"გამოითქვა ქვეყნებს შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა.როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მისასალმებელია, რომ საქართველოში არაერთი შვეიცარიული კომპანია მრავალი წლის განმავლობაში წარმატებით ოპერირებს და ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობა კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს შვეიცარიელი მეწარმეებისთვის. მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ასევე აღინიშნა, 2008 წლის კონფლიქტის შემდგომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შვეიცარიის, როგორც მედიატორის ფუნქციის მნიშვნელობა", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელ “ტვიტერში” დაწერა. მისი ინფორმაციით, საუბარი ასევე შავი ზღვის რეგიონში საქართველოს როლზე იყო.
“დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან ალან ბერსესთან. საუბარი შეეხო საქართველოსა და შვეიცარიის წარმატებულ თანამშრომლობას, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს. აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის რეგიონში საქართველოს როლზე. საქართველოსა და რუსეთს შორის მედიატორის როლის შესრულებისთვის შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს მადლობა გადავუხადე”,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.