პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საგარეო საკითხებში იერჟან კაიზიხანი ხელმძღვანელობს.
ინფორმაციას მთავრობის პრეს-სამსახური ავრცელებს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მიმდინარე წლის პირველი სამი თვის განმავლობაში ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოცულობა მკვეთრად გაზრდილია და ამ ურთიერთობის კიდევ უფრო განვითარების პოტენციალიც არსებობს. ამასთან, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის სატრანზიტო პოტენციალის ეფექტურად გამოყენების მნიშვნელობასაც.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ყაზახეთის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკისადმი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.




























