ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელ ხალხს ტერიტორიების დაბრუნება უსურვა
ალა ისპირიანი
11.02.23 14:45
• 1340
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელ ხალხს ტერიტორიების დაბრუნება უსურვა.
ამის შესახებ მან ბაკურიანში განაცხადა, სადაც ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებს და ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაათვალიერებს.
„მე მინდა უკრაინელ მეგობარ ხალხს ვუსურვო მშვიდობა, ომის დროულად დასრულება და ტერიტორიების დაბრუნება, მაგრამ ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ ომის დაწყების დღიდან დღემდე უკრაინის ტერიტორიის უკვე 20% არის ოკუპირებული, 10 000-ათასობით ადამიანია დაღუპული, ასეულობით მილიარდი ზარალი მიადგა უკრაინას... ზოგი ამბობს, ეს ზარალი ტრილიონი დოლარია, ამას ვინ მოთვლის; რაც მთავარია, გარდა სამხედროებისა, მძიმე დანაკარგები აქვს ორივე მხარეს. ამ ზარალს და ტკივილს ვერაფერი ვერ აღადგენს.
ვუყურებთ, რომ ომი არ ჩერდება, ამის რეალურად მცდელობაც არ ჩანს, რაც შემაშფოთებელია. ამის შედეგად, გარემო, რომელიც დღეს უკრაინაში რეგიონშია შექმნილი, მთელ მსოფლიოში კიდევ უფრო მეტად არაპროგნოზირებადი გახდა. ჩვენი მთავარი ამოცანა, ჩვენი ხალხის და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა იქნება,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველოს ომში ჩაბმისკენ მოუწოდებენ, რაშიც ხელისუფლების პოზიცია ურყევია, რომ ეს არ მოხდება.
„ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე დიდი განსაცდელის არიდება მოვახერხეთ - მცდელობის, რომ რამენაირად ეს კონფლიქტი ჩვენს ქვეყანაში გადმოსულიყო. ამის თაობაზე პირდაპირ მოვისმინეთ განცხადებები უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან, რომ მათი მიზანი იყო მეორე ფრონტის გახსნა. ამ მიზანს ემსახურებოდა მიხელ სააკაშვილის შემოგზავნა საქართველოში და ბევრი პროვოკაცია, რომელიც მათი მხრიდან სამწუხაროდ არ წყდება“, - თქვა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.