უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ გასულ თვეში კიევში რუს მილიარდერ რომან აბრამოვიჩთან კერძო შეხვედრა გამართა. არსებული ინფორმაციით, უკრაინის ლიდერმა აბრამოვიჩთან შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის გზავნილის გადასაცემად გამოიყენა. გზავნილში კი ეწერა, რომ უკრაინა დონბასის აღმოსავლეთ რეგიონს არასდროს დათმობს.
ტელეკომპანია Sky News-ის ეთერში საუბრისას უკრაინის ლიდერმა განმარტა, რომ შეხვედრა საიდუმლოდ არ შემდგარა. როგორც ზელენსკიმ თქვა, რუსი მილიარდერი უკრაინის დედაქალაქში სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების პერსპექტივების შესასწავლად ჩავიდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი შეხვედრაზე მკაფიოდ განუცხადა, რომ განხილვის საგანი ვერ გახდება უკრაინული ტერიტორიები, რადგან მათ არმია არ დატოვებს და რუსეთს ამ ფორმით გამარჯვების მოპოვების შესაძლებლობას არ მისცემს.
ზელენსკი-აბრამოვიჩის შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურა რუსეთის ლიდერი, ვლადიმირ პუტინიც, რომელმაც კატეგორიულად უარყო ცნობა, თითქოს მოლაპარაკება მისი ინიციატივით გაიმართა და აღნიშნა, რომ რუსული ჯარების წინსვლის ფონზე ის მოლაპარაკებების გამართვის აზრს ვერ ხედავს.
ცნობისთვის, რომან აბრამოვიჩი საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ ყოფილი მფლობელია. მილიარდერი ბიზნესმენი ამჟამად დასავლეთის სანქციების ქვეშ იმყოფება. აღსანიშნი ფაქტია, რომ ის 2022 წელს, ომის საწყის პერიოდში გამართულ სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთსა და უკრაინას შორის მთავარ შუამავლად მიიჩნეოდა.




























