უკრაინულმა ძალებმა რუსეთის ნავთობგადასამუშავებელი სიმძლავრეების 55%-ზე მეტი მწყობრიდან გამოიყვანეს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
სახელმწიფოს მეთაურმა გენერალ-მაიორ მიხაილო დრაპატის ანგარიშზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ ეს შედეგი რუსეთის მხრიდან დეესკალაციაზე უარისა და უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიშების საპასუხო ნაბიჯია.
როგორც ირკვევა, უკრაინული შორი მოქმედების დრონები სისტემატურად იღებენ მიზანში რუსეთის იმ ნავთობგადასამუშავებელ ობიექტებს, რომლებიც მის შეიარაღებულ ძალებს ამარაგებს.
მხოლოდ გასული კვირის განმავლობაში უკრაინულმა შორი მოქმედების დრონებმა რუსეთის სამარის ოლქში მდებარე საკვანძო სანავთობო ობიექტსა და ქალაქ ვოლგოგრადის მსხვილ ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე რამდენიმე იერიში მიიტანეს.
ამას გარდა, უკრაინულმა ძალებმა დაარტყეს რუსეთის უმსხვილეს ნავთობგადასამუშავებელ ქარხანას, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 2,500 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
























