მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაცია კანონის სრული დაცვით შემოწმდება - რაჟდენ კუპრაშვილი

ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი დასახელებულია იმ პირთა სიაში, რომლების დეკლარაციაც უნდა შემოწმდეს - ამის შესახებ, ანტიკორუფციული ბიუროს თავმჯდომარემ, რაჟდენ კუპრაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ექსპრემიერის და მმართველი პარტიის მოქმედი თავმჯდომარის დეკლარაცია კანონის სრული დაცვით შემოწმდება.

"ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაცია 2022 წლის საანგარიშო პერიოდში დამოუკიდებელი კომისიის მოთხოვნის საფუძველზე შემოწმდა, დეტალურად იქნა შესწავლილი წარმოდგენილი ინფორმაცია და დეკლარაცია დადებითად შეფასდა.

რაც შეეხება მიმდინარე წლის დეკლარაციას, რომელიც წარმოადგინა ახლახან, ეს არის 2023 წლის საანგარიშო პერიოდი, ასევე შესამოწმებელ პირთა სიაში დასახელებული არის და მიმდინარე წელს აღნიშნული დეკლარაცია კანონის სრული დაცვით შემოწმდება", - განაცხადა კუპრაშვილმა.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, არის თუ არა ბიუროს მოკვლევის საგანი ღარიბაშვილისთვის მშობლების ნაჩუქარი დიდი ოდენობით ფული, ან ჟურნალისტური გამოძიების მასალები, კუპრაშვილი ამბობს, რომ ანტიკორუფციული ბიურო ამ საკითხზე ჟურნალისტურ გამოძიებებსაც ეცნობა და ეს საკითხიც შემოწმდება.

"რაც შეეხება ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაციებს და ე.წ. ჟურნალისტურ გამოძიებებს, ანტიკორუფციული ბიუროს მანდატში შედის მამხილებლის მანდატი, ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ინფორმაციას ვიღებთ და ვამუშავებთ, ნებისმიერი განცხადებული ინფორმაცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თვალყურს ვადევნებთ როგორც ჟურნალისტურ გამოძიებას, ისე შემოსულ განცხადებებს და ინფორმაციებს. რაც შეეხება თავად ამ დეკლარაციის შინაარსს, ბატონი ღარიბაშვილის დეკლარაციაში წარმოდგენილი არის გარკვეული სახის ინფორმაცია, რომელიც მიმდინარე წელს შემოწმდება, მათ შორის თქვენს მიერ დასახელებულ ამ ნაწილშიც", - განაცხადა კუპრაშვილმა.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერის მიმდინარე კვირას შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მიუნხენის მიმართულებით სამთავრობო თვითმფრინავის დაქირავება 109,500 ლარი დაჯდა, ხოლო ეს თანხა ექსპრემიერის მამამ გადაიხადა.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილმა მშობლისგან ამ თანხის გარდა 150,000 ლარის საჩუქარიც მიიღო, რაც 2022 წელს მიღებულ 180,000 ლართან შედარებით 30,000 ლარით ნაკლებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები