ექსპრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასამართლოს მიერ შეფარდებული ₾1 მილიონის გირაო სახლით უზრუნველყო. აღნიშნული ინფორმაცია BM.GE-ის ბრალდებული ექსპრემიერის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა დაუდასტურა.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ თბილისში, ვაკეში, მოსაშვილის #10-ში ირაკლი ღარიბაშვილის საკუთრებაში არსებული 170 კვ.მ. ფართობის ბინასა და 38 კვ.მ.-ის ფართის დამხმარე სათავსოს ყადაღა 10 ნოემბერს დაადო.
ირაკლი ღარიბაშვილის უფლებადამცველის ინფორმაციით, დაცვის მხარის მიერ შუამდგომლობის სახით 1 მლნ ლარის გირაოს სანაცვლოდ წარდგენილი ქონების ღირებულება 2 მლნ ლარს აღემატება. თუმცა გიგუაშვილმა არ იცის, რა ფორმით და ვისგან მიიღო ეს ბინა ღარიბაშვილმა საკუთრებაში.
საქმე ის არის, რომ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული უძრავი ქონება ირაკლი ღარიბაშვილს ბიძინა ივანიშვილმა აჩუქა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით,
„ნამდვილად არ ვიცი ეს ბინა ბატონი ირაკლის საკუთრებაში რა ფორმით და როგორ აღმოჩნდა, არც მგონია, ამას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს. კანონი ითვალისწინებს, რომ ყველა იმ ბრალდებულს, ვის მიმართაც შეფარდებულია გირაო თანხის სახით ბრალდებულის სურვილის და თანხმობის შემთხვევაში, ფულადი თანხა ჩანაცვლდეს უძრავი ქონებით, შესაბამისად, ჩვენ ვისარგებლეთ კანონის აღნიშნული დანაწესით და ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა მისი შეფარდებული ფულადი თანხა ჩაანაცვლა უძრავი ქონებით, რომელიც მის სახელზეა რეგისტრირებული.
აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ჩვენ წარვადგინეთ შესაბამისი აუდიტორული დასკვნა, როგორც ამას საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს, რომ წარმოდგენილი 2 უძრავი ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება შეფარდებული გირაოს ოდენობას - 1 მლნ ლარს. სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებდა ნებისმიერი მსგავსი შუამდგომლობის დაყენების შემთხვევაში.
აღნიშნული 2 უძრავი ქონების ჯამური ღირებულება 2 მლნ ლარს აღემატება, თუმცა ამას არ მგონია არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს“, - განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც 9-დან 12 წლამდე გულისხმობს თავისუფლების აღკვეთას. სსკ-ის აღნიშნული მუხლი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ეხება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. პროკურატურა ყოფილი პრემიერის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვდა. უწყება ღარიბაშვილის მიმართ დამატებითი ვალდებულებების დაკისრებასაც მოითხოვდა, რაც საქართველოს პასპორტის სამართალდამცავი უწყებისთვის ჩაბარებას და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვას გულისხმობდა. 24 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე სხდომა გაიმართა. ექსპრემიერი სასამართლოში მივიდა და სხდომას დაესწრო. პროცესს მოსამართლე ეკა ბარბაქაძე უძღვებოდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატური მოთხოვნა დააკმაყოფილა და ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს გირაოს სახით 1 მილიონი ლარი შეუფარდა. მას აეკრძალა ქვეყნის დატოვება და ჩამოერთვა პასპორტი.
წინასასამართლო სხდომა 16 დეკემბერს 14:00-ზე დაინიშნა.




























