ირაკლი ღარიბაშვილმა ვარჯიშის დროს მხარი დაიზიანა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა - ინფორმაციას ქართული ოცნების პრესსამსახური გუშინ გავრცელებული ცნობის საპასუხოდ ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ირაკლი ღარიბაშვილმა დაზიანებები ფიზიკური დაპირისპირების პროცესში მიიღო.
„გუშინდელი საღამოდან რადიკალური ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი ეგრეთ წოდებული მედიასაშუალებები და დაინტერესებული სუბიექტები ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს „ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკულ ჰოსპიტალში, მრავლობითი დაზიანებებით მიიყვანეს. ვრცელდება ცნობები პარტიაში ფიზიკურ დაპირისპირებაზე“.
ცხადია, ეს არის მორიგი დეზინფორმაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის უსუსური მცდელობა. სინამდვილეში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ვარჯიშის დროს დაიზიანა მხარი და დასჭირდა მცირე სამედიცინო დახმარება. ირაკლი ღარიბაშვილი აგრძელებს მუშაობას. მოვუწოდებთ საზოგადოებას, არ მიაქციონ ყურადღება გავრცელებულ ტყუილებს", - განუცხადეს „რუსთავი 2-ს" „ქართული ოცნების" პრესსამსახურში.