ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით 1 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა განესაზღვრა.
ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის, მიხეილ შაყულაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ აპირებს არც ერთი პირის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას.
„ირაკლი ღარიბაშვილს არავისთვის არც მიუცია, არც აპირებს და არც მომავალში დააპირებს ვინმეზე ჩვენების მიცემას. მან ითანამშრომლა საკუთარ თავთან მიმართებით წაუყენეს ბრალდება ე.წ. ფულის გათეთრებაში, ამ ადამიანმა აღიარა დანაშაული, წავიდა ციხეში, დაეკისრა ჯარიმა და ჩამოერთვა ქონება“, - განაცხადა შაყულაშვილმა.
ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ დაცვის მხარემ გამოძიებას წარუდგინა საბანკო მიზნობრივი სესხის ხელშეკრულებები, რომლებიც, მისი განმარტებით, კონკრეტულ ეკონომიკურ საქმიანობას უკავშირდებოდა.
"ჩვენი მხრიდან გამოძიებას წარვუდგინეთ საბანკო მიზნობრივი ხელშეკრულებები სესხის, ერთი სესხი იყო ის, რომ შეეძინათ მიწა და აეშენებინათ ქარხანა. მეორე სესხი იყო ის, რომ შეეტანათ აპარატურა და ეს აპარატურა გაემართათ და ემუშავათ. დღემდე მიდის ამის დაფარვა ყოველთვიურად, მიზნობრივად. არ ჩამოერთმევა [ქარხანა] იმიტომ, რომ ბრალის ფორმულირებაც კი გაკეთდა იმის გამო, რომ რეალურად შეძენილი ჰქონდა ამ ადამიანს. ამასთან, ის ოქროები და საათები და ა.შ ნივთები, არცერთი ირაკლი ღარიბაშვილის არ ყოფილა. მისი სახლიდან იყო ამოღებული ე.წ. ფლეშკები და მსგავსი რაღაცები და 6.5. მლნ დოლარი, რომელიც ასევე ჩამოერთვა და მიემართა სახელმწიფო ბიუჯეტში. იმიტომ არ არის სამოხელეო დანაშაული, რომ მის სამსახურებრივ საქმიანობასთან ქარხნის ფუნქციონირება, აწყობა, რემონტი და ა.შ. არ არის დაკავშირებული. მე ვმუშაობ, პრემიერ ვარ, მაგრამ მაქვს ბიზნესი, ცალკე, რომელსაც არ ვარეგისტრირებ და ამიტომაც მივიღე სასჯელი. ისეთი მუხლი აქვს წარდგენილი, რომ ჩვენება საერთოდ არ არის საჭირო. არის საგადასახადო ამონაწერები, სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული დოკუმენტაცია. იქ წერია, რა გადაიხადა, რა აქვს და რა არ აქვს“, - განაცხადა მიხეილ შაყულაშვილმა.
კითხვაზე შეიძლება თუ არა რომ ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტმა შეიწყალოს, ღარიბაშვილის უფლებამდამცველი აცხადებს, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა ამ ეტაპზე მისი დაცვის ქვეშ მყოფს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლით გათვალისწინებულ საქმეზე, რის საფუძველზეც სასამართლომ საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა.




























