მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ღარიბაშვილს შვილებთან დაგეგმილი პაემანი გაუუქმეს - ადვოკატი

ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში

პატიმრობაში მყოფ ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს შვილებთან ჩანიშნული პაემანი გაუუქმეს.

ინფორმაციას TV პირველი ავრცელებს, ადვოკატ ლილი გელაშვილზე დაყრდნობით, რომელიც მთავრობის ყოფილ მეთაურს პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს ხვდება.

უფლებადამცველი ამბობს, რომ ექსპრემიერთან შეხვედრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციას გაავრცელებს.

"მას ჰქონდა შვილებთან ჩანიშნული პაემანი, ის გაუუქმეს. ეს წინა კვირაში იყო. მიზეზი არ ვიცით, რა იყო. შემიძლია კონტრკითხვა დავსვა, რა იყო მიზეზი, მისი ოჯახის წევრების სამსახურებიდან გათავისუფლება რომ დაიწყეს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული" - ამბობს გელაშვილი.

ადვოკატის თქმითვე, ირაკლი ღარიბაშვილზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ.

"მაშინ ვნახე ირაკლი და იყო ძალიან გაბრაზებული, გულნატკენიც, რადგან მომზადებული იყო შვილებთან შესახვედრად" - ამბობს უფლებადამცველი.

როგორც ლილი გელაშვილმა "TV პირველს" განუცხადა, მამუკა მდინარაძის მიერ თანამდებობის და პოლიტიკის დატოვების შემდეგ, მას ირაკლი ღარიბაშვილთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

"დღეს შევალ [ციხეში], ვნახავ ბატონ ირაკლის და თუ საჭირო გახდა, წერილის თუ სხვა ფორმით, გავაკეთებთ განცხადებას", - აღნიშნა მან.


ტელეკომპანია "იმედი" სპეციალური პენიტენციური სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ორი ხანგრძლივი პაემანი უკვე გამოყენებული აქვს.

„ღარიბაშვილი ზის დახურული ტიპის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც წელიწადში ორი ხანგრძლივი პაემანი ეკუთვნის და ეს ორი პაემანი უკვე აქვს გამოყენებული. შესაბამისად, არ ყოფილა პაემანი ჩანიშნული და არ გაუქმებულა“, - აცხადებენ სამსახურში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები