ირაკლი კობახიძე, გაეროს კონფერენციის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებული ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობაზე და ხაზი გაუსვეს სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას.
"ყურადღება გამახვილდა რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივი პროექტების როლზე. საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს და ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, დიალოგისა და დიპლომატიის გზით ხელი შეუწყოს რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფას", - ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
შეხვედრის შესახებ აზერბაიჯანულ უწყებაზე დაყრდნობით Trend-ც წერს: "შეხვედრაზე განიხილეს აზერბაიჯანისა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო, სატრანსპორტო-სატრანზიტო, ენერგეტიკული, ჰუმანიტარული და სხვა სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების შესაძლებლობები".




























