ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებით გათვალისწინებულ სფეროებში თანამშრომლობას და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების პოზიტიურ დინამიკას.
აღინიშნა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და უვიზო მიმოსვლა, ასევე ხალხთაშორისი კავშირები კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისთვის.
ასევე, კობახიძემ შეხვედრაზე ელჩს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა ჩინეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო, რომელსაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძე ჩინეთის ელჩს გასულ თვესაც შეხვდა. როგორც მაშინ მთავრობის ადმინისტრაცია იტყობინებოდა, 6 დეკემბრის შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჩინელი პარტნიორების ჩართულობას ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში.




























