ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს კიდევ ერთხელ შეხვდა.
როგორც "ოცნების" მთავრობის ადმინისტრაცია იტყობინება, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში არსებული თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას და პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო.
"განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს. აღინიშნა სავაჭრო ბრუნვის მზარდი დინამიკა და შუა დერეფნის, მნიშვნელობა ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების კუთხით", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ კობახიძის წინა შეხვედრა ჩინეთის ელჩთან გასულ თვეს - აგვისტოს დასაწყისში შედგა. გარდა ამისა, მათი შეხვედრა გაიმართა მიმდინარე წლის იანვარშიც და გასული წლის დეკემბერშიც. გამოდის, ბოლო ათ თვეში კობახიძე ჩინეთის ელჩს უკვე ოთხჯერ შეხვდა.




























