გთავაზობთ 2-8 ნოემბრის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში.
საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი შედგა
6 ნოემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი სტუმრობდა, რომელმაც გაფართოებულ ფორმატში საქართველოს მთავრობასთან გამართა შეხვედრა. "სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც განვაგრძობთ საქართველოსთან მეგობრობას, პარტნიორობას და თანამშრომლობას, - განაცხადა ხან ჭენგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გაფართოებულ ფორმატში შეხვედრისას.
საქართველოს პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხან ჭენგმა თქვა, რომ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისადმი ორმხრივი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის მთავარი პრინციპია.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოქტომბერში 400 მილიონი დოლარის მონეტარული ოქრო შეიძინა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების განახლებული სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასული თვის განმავლობაში რეზერვების ჯამური მოცულობა 82.6 მილიონი დოლარით, 8.24 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. წლიურ ჭრილში ზრდა 2.64 მილიარდ დოლარს, ანუ 47%-ს შეადგენს.
ამასთან, როგორც სებ-ის სტატისტიკიდან ირკვევა, გასულ თვეში ეროვნულმა ბანკმა მონეტარული ოქროს კიდევ ერთი პარტია შეისყიდა რის შედეგადაც ოქროს რეზერვების მოცულობამ 1.36 მილიარდ დოლარს მიაღწია, შედეგად მონეტარული ოქროს მოცულობა 250,000 უნციიდან 350,000 უნციამდე, ანუ 10.9 ტონამდე გაიზარდა. გასულ თვეში განხორციელებული ოქროს შესყიდვის ღირებულება 400 მილიონი დოლარია.
ბიუჯეტის განახლებული პროექტით, მთავრობის ხარჯები 2027 წელს 32.7 მილიარდ ლარამდე იზრდება
ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს 2027 წლის ბიუჯეტის განახლებული პროექტი წარუდგინა, რომელიც წინა წარდგენასთან შედარებით 642 მილიონი ლარით, 32.7 მილიონ ლარამდე იზრდება. ბიუჯეტის წინა წარდგენასთან შედარებით ყველაზე მეტად 427.6 მილიონი ლარით დაფინანსება ეზრდება ჯანდაცვის სამინისტროს რაც დაკავშირებულია მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან, რომლითაც 70 წლამდე პენსიონერებს პენსია აქამდე დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაიზრდება და 415 ლარს მიაღწევს, 70 წელზე ასაკოვანი მოქალაქეების პენსია კი კვლავინდებურად 60 ლარით, 555 ლარამდე გაიზრდება. საპენსიო დაფინანსების მატების შედეგად მთლიანად ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებები მომდევნო წელს 10.9 მილიარდ ლარს მიაღწევს.
ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მანდატი გაფართოვდა - ორგანიზაცია მსხვილ პირდაპირ სესხებს გასცემს
ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციას კერძო კომპანიებისთვის პირდაპირი და ჰიბრიდული სესხების გაცემა, კომერციულ ბანკებთან ერთად ბიზნესპროექტების დაფინანსება და კომპანიების კაპიტალში წილობრივი მონაწილეობა შეეძლება. მთავრობის 2026 წლის 2 ნოემბრის №517 დადგენილებით დამტკიცებული ახალი პროგრამა განსაზღვრავს, რა პირობებით და რა ფინანსური რესურსებით შეძლებს კორპორაცია კერძო სექტორის დაფინანსებას. დადგენილების თანახმად, 10 მილიონ ლარზე მეტი პირდაპირი ან ჰიბრიდული სესხის გაცემას საქართველოს მთავრობის თანხმობა დასჭირდება. 2 მილიონ ლარამდე სესხების გაცემის გადაწყვეტილებას კორპორაციის სპეციალური კომიტეტი მიიღებს, 2-დან 10 მილიონ ლარამდე სესხებზე კი გადაწყვეტილების უფლებამოსილება სამეთვალყურეო საბჭოს ექნება. ამასთან, მნიშვნელოვანია გარემოება რომ დადგენილებაში არ არის განსაზღვრული კრედიტის ლიმიტი, რომელიც კორპორაციამ შეიძლება დაამტკიცოს, მისი ქვედა ზღვარი კი 10 მილიონ ლარს შეადგენს.
საქართველოს მთავრობა ნავთობისა და გაზის კორპორაციას 100 მილიონ ლარს ასესხებს
საქართველოს მთავრობა უმსხვილეს სახელმწიფო კომპანიას - საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას საბიუჯეტო რესურსს კიდევ ერთხელ ასესხებს. ამის შესახებ ცნობილი ხდება 2027 წლის ბიუჯეტის განახლებულ პროექტში, რომელიც კორპორაციისთვის 100 მილიონი ლარის გამოყოფას ითვალისწინებს. თანხის გაცემა იგეგმება 2026 წლის ბოლოს, ხოლო მისი დაბრუნება 2027 წელს უნდა მოხდეს.
კახი ბექაური მიკრობანკ "კრისტალის აქციონერი ხდება
სუპერმარკეტების ქსელ „ორი ნაბიჯის“ დამფუძნებელი აქციონერები, კახი ბექაური და გიორგი ჩხეიძე, მიკრობანკ „კრისტალის“ აქციონერები ხდებიან. ამისთვის სს „ლოტუს იმპექტ ფაინენსის“ კაპიტალში „კრისტალის“ აქციები არაფულადი შენატანის სახით შევა. ბიზნეს რეესტრისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, საუბარია მიკრობანკის აქტივების 20.01%-ზე. 2026 წლის 24 ოქტომბერს გამართული „ლოტუს იმპექტ ფაინენსის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების გადაწყვეტილებით, კომპანიაში კახი ბექაური და გიორგი ჩხეიძე თანაბარი, 36.45%-იანი წილებით არიან წარმოდგენილი, ხოლო კომპანიის 27.1%-ს „კრისტალის“ დამფუძნებელი აქციონერი არჩილ ბაკურაძე ფლობს.
უცხოური სანდო ბანკების შვილობილები საქართველოში გამარტივებული წესით მიიღებენ საბანკო ლიცენზიას
პარლამენტში 3 ნოემბერს წარდგენილი კანონპროექტით, „კომერციული ბანკების შესახებ“ კანონში ცვლილებები იგეგმება, რაც უცხოური ბანკის ფილიალის ან შვილობილი კომპანიის გამარტივებული წესით ლიცენზირებას ითვალისწინებს. ამ მიდგომით ფართოვდება „სანდო უცხოური ბანკის“ განმარტება და პროცედურა გაიოლდება იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც სანდო ქვეყნებში საქმიანობენ და შესაბამისი საკრედიტო რეიტინგი გააჩნიათ. საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით, აღნიშნული ინიციატივის მიზანი სანდო რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების შემოსვლის წახალისება და ადგილობრივ საფინანსო ბაზარზე კონკურენციის გაძლიერებაა, რაც სექტორში არსებული მზარდი უცხოური ინვესტიციებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით მომზადდა.
მიკრობანკებს სავალუტო დაკრედიტება და 2 მილიონ ლარამდე სესხების გაცემა შეეძლებათ
მიკრობანკებს საქმიანობის არეალი უფართოვდებათ - ამას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა და ამავე კომიტეტის წევრებმა წარადგინეს. კანონპროექტის თანახმად, მიკრობანკებს უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემა, საფინანსო ბაზარზე საშუამავლო მომსახურების გაწევა და უძრავი ქონების იჯარით გაცემა შეეძლებათ. ამასთან, სამეწარმეო მიზნებისთვის გაცემული სესხების მინიმალური წილი 70%-დან 50%-მდე შემცირდება, ხოლო ერთ მსესხებელზე ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფზე დაკრედიტების მაქსიმალური ლიმიტი 1 მილიონიდან 2 მილიონ ლარამდე გაიზრდება.
2026 წლის 9 თვეში თბილისის უძრავი ქონების ბაზარმა $3.1 მილიარდს მიაღწია
9 თვეში თბილისში $3.1 მილიარდის ღირებულების ბინები გაიყიდა TBC Capital-ის ინფორმაციით, წელს 9 თვეში თბილისში $3.1 მილიარდის ღირებულების ბინები გაიყიდა, ბაზარი წლიურად 23%-ით გაიზარდა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდის ტემპის შესამჩნევ აჩქარებაზე მიუთითებს. ამასთან, 9 თვეში სისტემური დეველოპერების პროექტებში ბინების 27% უცხოელებმა შეიძინეს გალტ ენდ თაგატის მონაცემებით, 9 თვეში სისტემური დეველოპერების 100-ზე მეტ მშენებარე საცხოვრებელ პროექტში ბინების 27% -მდე უცხოელებმა შეიძინეს. 2025 წელს უცხოელებზე ჯამში 24% მოდიოდა.
"ორბი ჯგუფმა" Cipriani Batumi-ის პროექტი წარადგინა
„ორბი ჯგუფმა“ და „ბლოკ ჯგუფმა“ ბათუმში იტალიური ულტრა-ლუქს ბრენდის, Cipriani-ს პირველი დეველოპერული პროექტი წარადგინეს. 43-სართულიანი კომპლექსის არქიტექტურა ბრიტანულ სტუდია WilkinsonEyre-ს ეკუთვნის და მოიცავს 100-ოთახიან სასტუმროს, 70 ავტონომიურ რეზიდენციას, რესტორნებს, სპასა და გასართობ სივრცეებს. პროექტის პრეზენტაციას ხელისუფლების, ბიზნესისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიების მონაწილეებს ასევე მიესალმნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, Cipriani-ს ხელმძღვანელი ჯუზეპე ჩიპრიანი და ORBI Group-ის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე.
























