"ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ჩვენი გზა სტაბილური და შეუქცევადი რჩება", - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ის ამბობს, რომ 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანება რეალისტურია.
„ჩვენ ვაგრძელებთ ასოცირების შეთანხმებით და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით გათვალისწინებული ყველა ვალდებულების შესრულებას. გვჯერა, რომ ჩვენი მიზანი, 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანება, რეალისტური და მიღწევადია - არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამისკენ ვისწრაფვით, არამედ იმიტომ, რომ ვაკეთებთ იმას, რაც ამას იმსახურებს. ჩვენ რეფორმებს მოთმინებითა და მონდომებით ვახორციელებთ და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წლებში საქართველოს მიმართ მიდგომა უფრო სამართლიანი და დამსახურებაზე დაფუძნებული გახდება, რაც ასახავს როგორც ჩვენს მიერ განხორციელებულ რეფორმებს, ასევე მიღწეულ ხელშესახებ პროგრესს.
ჩვენი საგარეო პოლიტიკა ხელმძღვანელობს როგორც ურყევი პრინციპებით, ასევე პრაგმატული მოსაზრებებით. ქართველი ხალხი სრულად აცნობიერებს ომის დიდ ფასს. ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ რჩება და ურყევად ერთგულნი ვრჩებით მშვიდობიანი მოგვარებისკენ, სრულად ვაღიარებთ, რომ მშვიდობა წინსვლის ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი გზაა.
ვაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელს და საკუთარი წვლილი შეგვაქვს პროცესში. ურყევად ვრჩებით რეფორმირების რეჟიმში, ჩვენი ვალდებულებების მიმართ ერთგულნი და ორიენტირებულნი დასახული შედეგების მიღწევაზე. ჩვენი დემოკრატიის გაღრმავებისა და სტრატეგიული როლის გაფართოების კვალდაკვალ, ველოდებით, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები საქართველოს ისეთ ქვეყნად აღიქვამენ, რომელიც ევროპის მომავლის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს“, - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, მან თქვა, რომ დღეს საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა სწრაფი ტემპით იზრდება და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა ინვესტიციები განახორციელონ საქართველოში.
„გლობალური მიწოდების ჯაჭვების გადალაგების კვალდაკვალ, საქართველო შუა დერეფნის ცენტრში დგას - ევროპისა და აზიის ბაზრების დამაკავშირებელი უმოკლესი და ყველაზე სტაბილური მარშრუტის სახით. ჩვენი მთავრობა ამ როლის შესასრულებლად თამამ ინვესტიციებს ახორციელებს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი შავი ზღვის ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა იქნება. ჩვენ ვაფართოებთ და ვაახლებთ ტრანსპორტს, ლოგისტიკას და ციფრულ ინფრასტრუქტურას, ამავდროულად ვახდენთ ჩვენი, როგორც მწვანე ენერგიის ექსპორტიორის, სრული პოტენციალის გამოვლენას. ეპოქაში, როდესაც ევროპა სტრატეგიულ ავტონომიას, ენერგეტიკულ დივერსიფიკაციას და გაძლიერებულ კავშირს ეძებს, საქართველო ცენტრალური კვანძია და არა პერიფერიული მოთამაშე. ჩვენ პარტნიორობას ვთავაზობთ ყველას. საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდებთ, ინვესტიციები განახორციელონ საქართველოში, ითანამშრომლონ ჩვენთან და აღიარონ ის სანდოობა, რომელიც თანმიმდევრულობითა და ეფექტური მუშაობით მოვიპოვეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




























