შესაძლოა, ამერიკა თავისთვის ვერ ხედავს კომერციულ ან ეკონომიკურ ინტერესს ანაკლიის პორტის მიმართ, სხვა შემთხვევაში, ალბათ, ინვესტიცია ჩაიდებოდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„მე არ ვიცი მიზეზები, მაგრამ დღემდე არავითარი ინვესტიცია არ ჩადებულა ანაკლიის პორტში [ამერიკის მხრიდან]. თავის დროზე, როცა ეს პროექტი ებარა კონსორციუმს, [მამუკა ხაზარაძეს], მან ვერ მოახერხა ვერცერთი ცენტის დასავლური ინვესტიციის მოზიდვა პროექტის გარშემო. ზრუნვა არ ჩანდა. პირიქით, ჩანდა, რომ პროექტის მიმართ ინტერესი არ იყო. რაც ახსნადი შეიძლება იყოს, შესაძლოა, ამერიკა თავისთვის ვერ ხედავს კომერციულ ან ეკონომიკურ ინტერესს ამ პორტის მიმართ, სხვა შემთხვევაში, ალბათ, ინვესტიცია ჩაიდებოდა. მიზეზს ვერ გეტყვით, თუმცა რაც ვიცი ის არის, რომ ზრუნვა გამოიხატება ინვესტიციის ჩადებით. არავითარი ინვესტიცია არ ჩადებულა, რაც ძალიან სამწუხაროა. ეს ვერ მოახერხა მათ შორის ვერც ხაზარაძის კონსორციუმმა, ვერცერთი ცენტი ვერ ჩაადებინა ამერიკელებს ანაკლიის პორტში“, - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, ეს ნიშნავს თუ არა, რომ ჩინეთიდან უნდა მიიღოს ინვესტიციები საქართველომ, კობახიძემ უპასუხა, რომ კონსულტაციები იქნება ნებისმიერთან.
„ნებისმიერი პროექტის განხორციელების დროს, მათ შორის ანაკლიის პორტის პროექტის შემთხვევაში, კონსულტაციები გვექნება ყველა პარტნიორთან და ამ რეჟიმში იქნება გადაწყვეტილებები მიღებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, „ხელშეკრულების გაწყვეტის დროს“, ანუ 2020 წლის იანვარში ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” პროექტში უკვე ინვესტირებული ჰქონდა 74 მილიონი დოლარი, მათ შორის $35 მილიონი უკვე იყო ჩადებული ზღვის ფსკერის დაღრმავების სამუშაოებში, დანარჩენი თანხები კი საზღვაო, ეკოლოგიურ და საინჟინრო კვლევებსა და პროექტებში.
2019 წელს კი, "თიბისი ჰოლდინგთან" ერთად პროექტის აქციონერები იყვნენ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები, მათ შორის: "კონტი ჯგუფი", რომლის ინვესტიცია 5.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენდა და "სსა მარინი", რომელიც პროექტის სტრატეგიული ინვესტორი იყო და 20 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას ახორციელებდა.