"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, წელს დასრულდება ხულო-ზარზმის გზის ძირითადი მონაკვეთის მშენებლობა. მან ამის შესახებ პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
მისივე თქმით, გოდერძის საბაგირო გზასთან დაკავშირებით წარმოებს საპროექტო სამუშაოები.
„რაც შეეხება ხულო-ზარზმის გზას, წელს დასრულდება ძირითადი მონაკვეთის მშენებლობა და მომავალ წელს, ზაფხულისთვის დასრულდება ასევე მეწყრული მონაკვეთების მშენებლობა და ასფალტის საფარის დაგება. რაც შეეხება გოდერძის საბაგირო გზას, ამასთან დაკავშირებით წარმოებს საპროექტო სამუშაოები და კომპლექსურად იქნება მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის, საბაგირო ინფრასტრუქტურის გაფართოების შესახებ“, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა, „ოცნების“ მთავრობის დაპირებით, 2024 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. როგორც bm.ge-ის საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, სამუშაოების გაჭიანურება ამჯერად ხულო-ზარზმის მონაკვეთზე რთულ რელიეფურ ზონაში, დამატებით განვითარებულმა მეწყრულმა პროცესებმა და კლიმატურმა პირობებმა გამოიწვია.
ხულო-ზარზმის გზის მშენებლობის ტენდერი პირველად 2017 წელს გამოცხადდა, სამუშაოები კი 2018 წელს დაიწყო. პირველი კონტრაქტორი ამ მონაკვეთზე იტალიური კომპანია Todini იყო, რომელთანაც 110 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულება 2018 წელს გაფორმდა, თუმცა კომპანიამ დაკისრებული ვალდებულებების მხოლოდ მცირე ნაწილი შეასრულა, რის გამოც 2020 წლის ოქტომბერში ის "სინოჰიდრომ" ჩაანაცვლა. თუმცა, 2024 წლის 15 იანვარს მთავრობამ “სინოჰიდროსთან” 47-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციაზე გაფორმებული 95-მილიონიანი ხელშეკრულებაც გაწყვიტა. ჩინურ კომპანიასთან ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 95,689,302 ლარს, პროექტის განხორციელების ვადა კი 2 წელს შეადგენდა. ის ვადაგადაცილებით და დაბალი ათვისებით მიმდინარეობდა, რის გამოც, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მასთან კონტრაქტი მოშალა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ამჟამად, დარჩენილ მონაკვეთებზე სამუშაოებს 4 კომპანია აწარმოებს: შპს კავკასუს როუდ პროჯექტი, შპს ნიუ როუდი, "სინოჰიდრო" და შპს არალი.




























