მთავრობის ადმინისტრაციის აუდიტის სამსახურის ფუნქციები გაფართოვდება და მას მთლიანად მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის ზედამხედველობის ფუნქციაც მიენიჭება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც მან მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უახლოეს დღეებში დაინიციირდება.
„გაძლიერდება თანამშრომლობა მთავრობის ადმინისტრაციასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის, დაინერგება რეალურ დროში აუდიტის პრაქტიკა, რაზეც გვქონდა კონსულტაციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან. ამ ინიციატივის მიზანია, სამინისტროების მიერ განხორციელებული პროექტების ხარჯეფექტიანობისა და ხარისხის მაქსიმალური გაუმჯობესება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
BMG-მ აღნიშნული ცვლილების დეტალების გასარკვევად აუდიტის სამსახურს მიმართა და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.