საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ნოემბერში ქვეყანაში პიროტექნიკის გაყიდვები პრაქტიკულად გაორმაგებულია - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვას, რომელიც პირდაპირ ეთერში შსს-ს მიერ საგამოძიებო მოქმედებებისა და პარტიების ოფისებში ჩატარებული ჩხრეკების შინაარსს შეეხებოდა.
ირაკლი კობახიძე იმეორებს დღემდე არაერთხელ გაკეთებულ განცხადებას, რომ ქვეყანაში დეკემბრის შუა რიცხვებისთვის ოპოზიციური პარტიების მხრიდან სისტემური ძალადობები იგეგმებოდა და ამის შესახებ სახელმწიფო უწყებებს ინფორმაცია ჰქონდათ. მან ისიც თქვა, რომ პარტიების ოფისებიდან შსს-ს შესაბამისი მტკიცებულებები გამოაქვს.
„სახელმწიფო უწყებებს ჰქონდათ წინასწარი ინფორმაცია იმაზე, რომ ასეთი ტიპის სისტემური ძალადობა იყო დაგეგმილი. უბრალოდ ეს დეკემბრისთვის იყო დაგეგმილი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებაც არსებობდა. ერთი საინტერესო დეტალი შემიძლია გითხრათ მარტივად, რაც ადასტურებს, რომ ეს დეკემბრისთვის იყო დაგეგმილი. პიროტექნიკის გაყიდვის სტატისტიკა ამოვიღეთ და ერთმანეთს შევადარეთ პირველი ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით ავიღეთ სტატისტიკა და შევადარეთ გასული წლის ამავე პერიოდს. გაყიდვების მაჩვენებელი 90%-ით არის გაზრდილი. პრაქტიკულად გაორმაგებულია პიროტექნიკის გაყიდვები, რაც იმას ნიშნავს რომ ეს სისტემური უხეში ძალადობა, რაც ხორციელდება პოლიტიკური ძალების მიერ წინასწარ იყო დაგეგმილი. დღეს, როდესაც შსს შევიდა პარტიების ოფისებში იქიდან ხდება შესაბამისი მასალების ამოღება.
პოლიტიკურმა პარტიებმა აღიარეს, რომ სისტემური უხეში ძალადობის უკან პარტიული რესურსი დგას. ცნობილი ჯგუფია „დაიტოვე“ რომლის ადმინი აღმოჩნდა სტაჟიანი ნაციონალი, რომელიც სააკაშვილს სტუმრობდა თავის დროზე, აქ მთლიანად პარტიული ინტერესებია, ძალადობის გზით ხელისუფლების შეცვლის ინტერესი და ეს ყველაფერი ხელისგულზე დევს“, - განაცხადა კობახიძემ.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ შემოსავლების სამსახურმა "ლილოს" სავაჭრო ცენტრში ის მაღაზიები დალუქა, რომლებიც პიროტექნიკით ვაჭრობდნენ. 3 დეკემბერს პიროტექნიკით გაყიდვები შეაჩერა კომპანიამ "სამი ძმა", სადაც BM.GE-ს განუცხადეს, რომ შემოსავლების სამსახური მათთანაც შევიდა შემოწმებაზე, თუმცა საქონლის გაყიდვის შეჩერების გადაწყვეტილება, მათი მტკიცებით თავად მიიღეს ქვეყანაში არსებული ვითარების განმუხტვამდე.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი თვის თავზე - 28 ნოემბერს, მმართველმა ძალამ 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, რამაც მოსახლეობაში პროტესტი გამოიწვია. სწორედ 28 ნოემბრის შემდეგ დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე, პარლამენტის წინ მოქალაქეთა უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს, რომელსაც სახელმწიფოს ძალოვანი უწყებები სპეცტექნიკითა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჩართულობით ძალადობრივად წყლის ჭავლით, გაზის გაშვებით, ფიზიკური ძალის გამოყენებით, დარბევით შლიან, თუმცა მოსახლეობის პროტესტი მეორე დღეს კვლავ ახლდება. მოქალაქეები სახელმწიფოს ძალადობრივ ქმედებებს მაშხალებითა და ფოიერვერკებით უპირისპირდებიან.