2 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ. სხდომის დღის წესრიგის თანახმად, PACE-ს მომხსენებლები საქართველოს საკითხებში, ედიტე ესტრელა (პორტუგალია) და საბინე ჩუდიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა) წარადგენენ რეზოლუციას „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“.
რეზოლუციის პროექტის თანახმად, ასამბლეა ღრმად წუხს, რომ საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად უგულებელყოფს მის შეშფოთებას და რეკომენდაციებს საქართველოში დემოკრატიული კრიზისის შესახებ, რომლებსაც იზიარებს მთელი საერთაშორისო საზოგადოება.
"ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "თუ რეზოლუცია არ ეფუძნება ობიექტურ შეფასებებს, მას ვერავითარი ფასი ვერ ექნება ქართული საზოგადოებისთვის".
კობახიძის თქმით, ტრაგიკულია დღეს არსებული მდგომარეობა და ამავე მძიმე მდგომარეობას ასახავდა წინა რეზოლუციაც.
„იცით ჩვენი დამოკიდებულება PACE-ს დღევანდელი მდგომარეობის მიმართ და ამ დამოკიდებულების გამოხატულებაა ის, რომ ჩვენ შევაჩერეთ ჩვენი საქმიანობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. მდგომარეობა არის ნამდვილად ტრაგიკული, წინა რეზოლუცია რაც იქნა მიღებული, ასევე ამ მძიმე მდგომარეობას ასახავს. გახსოვთ, რომ მაშინ პირდაპირ მოითხოვეს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, მიუხედავად იმისა, რომ სადამკვირვებლო მისიებმა აღიარეს არჩევნების სწორი ფორმით ჩატარება. არავის უკვირს, რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის რეზოლუცია, თუმცა ქართული საზოგადოების თვალში ამ რეზოლუციებს არ აქვს არავითარი ფასი. თუ რეზოლუცია არ ეფუძნება ობიექტურ შეფასებებს, მას ვერავითარი ფასი ვერ ექნება ქართული საზოგადოებისთვის,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




























