ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრ ლოურენს ვონგს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე, პოლიტიკური დიალოგის გააქტიურებასა და ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო კავშირების გაღრმავების პოტენციალზე. ამ კონტექსტში მხარეებმა განიხილეს საქართველოში განხორციელებული რეფორმები, ეკონომიკური ზრდის დინამიკა და არსებული ბიზნესგარემო.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს როლს ევროპისა და აზიის დაკავშირებადობაში, სატრანსპორტო და ტურიზმის სექტორებში თანამშრომლობის პერსპექტივებს.
შეხვედრის დასასრულს ირაკლი კობახიძემ სინგაპურის პრემიერ-მინისტრი საქართველოში მოიწვია და „ისტანას“ რეზიდენციის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.
გარდა პრემიერისა, კობახიძე შეხვდა სინგაპურის პრეზიდენტსაც. რის შემდეგაც სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრაზე განიხილეს ეკონომიკური და საინვესტიციო კავშირების გაღრმავების, ფინანსურ სექტორში თანამშრომლობის გაძლიერების, ტურიზმის განვითარებისა და საერთო ინტერესების სფეროებში პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები.
„პატივი მქონდა, შევხვედროდი სინგაპურის პრეზიდენტ თარმან შანმუგარატნამს. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოსა და სინგაპურს შორის არსებული ხანგრძლივი მეგობრობა. განვიხილეთ ეკონომიკური და საინვესტიციო კავშირების გაღრმავების, ფინანსურ სექტორში თანამშრომლობის გაძლიერების, ტურიზმის განვითარებისა და საერთო ინტერესების სფეროებში ჩვენი პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები“.




























