მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი კობახიძე თურქმენეთში აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ასადოვი კობახიძე

"ოცნების" მთავრობაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა. შეხვედრა თურქმენეთში, მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილი ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველო–აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე და იმ პოზიტიურ დინამიკაზე, რომელიც ორ ქვეყანას სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაში აქვს.

განხილვის ერთ-ერთი თემა იყო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ზრდა და რეგიონული მნიშვნელობის პროექტები, რომლებშიც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად მონაწილეობენ. მათივე ცნობით, კობახიძემ და ასადოვმა ისაუბრეს შუა დერეფნის განვითარებაზე, მისი მნიშვნელობის ზრდასა და ამ მიმართულებით პარტნიორობის გაძლიერების შესაძლებლობებზე. ასევე, ყურადღება დაეთმო ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით რეგიონულ თანამშრომლობას.

შეხვედრაზე კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, დიალოგის გზით ხელი შეუწყოს რეგიონში სტაბილურობისა და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფას.

შეხვედრის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ X-ზე დაწერა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი რჩებიან მტკიცე მოკავშირეებად.

“აშხაბადში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შევხვდი. საქართველო და აზერბაიჯანი რჩებიან მტკიცე მოკავშირეებად და თანამშრომლობას აგრძელებენ რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების იდეის ერთგულნი ვართ”.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანთან არსებული ხელშეკრულება დამატებითი გაზის (წლიურად 0.5 მლრდ კუბური მეტრის) მოწოდებაზე 2026 წლის ბოლომდე არის ძალაში. კობახიძემ bm.ge-ს უთხრა, რომ საკითხზე მოლაპარაკებებს თანამშრომლობის რეჟიმში გეგმავს.

არსებული მდგომარეობით, საქართველო წლიურად 3.1 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მოიხმარს. აქედან 2024 წელს საქართველომ 2.3 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი აზერბაიჯანიდან მიიღო, ხოლო რუსეთიდან გაზის მოწოდება გაზრდილია და ის 2024 წელს 788 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენდა.

ბოლო თვეებში ბაქოსა და თბილისს შორის ურთიერთობებში საგანგაშო ძვრა შეინიშნება. ეს არა ცალკეული ბიუროკრატიული ხარვეზების, არამედ გადაწყვეტილებათა იმ თანმიმდევრობის შედეგია, რომლის მიღმაც საქართველოს პოლიტიკური ლოგიკის ცვლილება იკვეთება - ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.

მასალა ვრცლად:

საქართველო მშვიდობის წინააღმდეგ თამაშობს, ბაქო-თბილისის ურთიერთობებში დაძაბულობა იზრდება - აზერბაიჯანული მედია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები