"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ოლჟას ბეკტენოვს შეხვდა.
ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. აღინიშნა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების დადებითი დინამიკა და ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის როლი ამ მიმართულებით.
ასევე, მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა, რომელიც 2024 წელს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 25%-ით გაიზარდა. შეხვედრისას ასევე განიხილეს ექსპორტის მოცულობის ზრდის პოტენციალი და ხაზი გაუსვეს ამ კუთხით არსებული შესაძლებლობების სრულად ათვისების მნიშვნელობას.
ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.
ყაზახეთი არ არის ქვეყნების იმ მცირე ჩამონათვალში, რომლებმაც "ქართულ ოცნებას" 2024 წლის 26 ოქტომბრის სადავო არჩევნებში გამარჯვება ოფიციალურად მიულოცეს. თუმცა, ყაზახეთის პრემიერმა ახალი წელი მიულოცა "ოცნების" არჩეულ პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს.